06 იან, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
უახლოეს პერიოდში ლონდონის ჩელსის ახალი მთავარი მწვრთნელი ლიამ როსენიორი გახდა.
ამ სტატიაში შევეცდებით მოკლედ მოგიყვეთ, ვინ არის და რას წარმოადგენს 41 წლის ინგლისელი სპეციალისტი.
ლიამ როსენიორი ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა ინგლისელი მწვრთნელია, რომელმაც სწრაფად გაიკვალა გზა ევროპულ ფეხბურთში. სამწვრთნელო კარიერა მან ახალგაზრდულ დონეზე დაიწყო და ეტაპობრივად გადავიდა უფროსებშიც.
როსენიორმა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ჰალში მუშაობის დროს, სადაც გუნდი ორგანიზებული, ინტენსიური და თანამედროვე ფეხბურთით ათამაშა. მიუხედავად შეზღუდული რესურსებისა, მისი გუნდი მაღალი ტაქტიკური დისციპლინითა და სტაბილურობით გამოირჩეოდა, რაც სპეციალისტის რეპუტაციას მნიშვნელოვნად დაეხმარა.
2024 წელს როსენიორი სტრასბურგის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ლიგა 1-ში მან გუნდი სწრაფად გადააწყო და აქცენტი ბურთის კონტროლზე, აქტიურ პრესინგსა და ახალგაზრდების განვითარებაზე გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ ტიტულები ჯერ არ მოუგია, მისი მუშაობა მაღალი შეფასებით გამოირჩევა პროგრესისა და სათამაშო იდენტობის გამო.
როსენიორი ცნობილია ფეხბურთელებთან კომუნიკაციით, მკაფიო ტაქტიკური იდეებით და თანამედროვე მიდგომებით. სწორედ ეს თვისებები აქცევს მას საინტერესო კანდიდატად ჩელსისთვის, სადაც ტოდ ბოელის მოსვლის შემდეგ მუდმივად გრძელვადიან პროექტზე ფიქრობენ და მუშაობენ.
დღეის მოცემულობით ლიამ როსენიორს სამწვრთნელო დონეზე 153 მატჩი აქვს ჩატარებული, რომელშიც მან 65 გამარჯვება მოიპოვა, 45-ჯერ ფრე ითამაშა და 43-ჯერ დამარცხდა. მისი გამარჯვებების პროცენტი კი 42.48%-ს შეადგენს.
უშუალოდ მის ამჟამინდელ კლუბ სტრასბურგს რაც შეეხება - მან 63 მატჩში 31 გამარჯვება მოიპოვა, 15-ჯერ ფრე ითამაშა და 17-ჯერ დამარცხდა.
მიმდინარე სეზონში სტრასბურგმა ლიგა 1-ში 17 მატჩი ჩაატარა (7 მოგება, 3 ფრე, 7 მარცხი) და გარკვეული პერიოდი მაღალ პოზიციებზეც იმყოფებოდა, თუმცა ბოლო 5 მატჩში გუნდს 3 მარცხი და 2 ფრე აქვს, რის გამოც ახლა მე-7 პოზიციამდე ჩამოქვეითდა.
ლიამ როსენიორს სამმცველიანი ტაქტიკით უყვარს თამაში (3-4-2-1), რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი შანსია, ჩელსიც სწორედ ასეთი ტაქტიკით ათამაშოს.
ფეხბურთელად როსენიორი სამშობლოს არასდროს გაცდენილა — მისი კარიერა ბრისტოლ სიტიში დაიწყო, შემდეგ იყო ფულემი, ტორკი იუნაიტედი (იჯარა), რედინგი, იფსვიჩი (იჯარა), ჰალ სიტი და ბრაიტონი. პოზიციურად მას ფლანგის მცველად და ვინგერად შეეძლო თამაში და მთელი კარიერის განმავლობაში მან პრემიერ ლიგაში 9 სეზონი ჩაატარა.

ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
