12 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
11 ნოემბერს, აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში, მერაბ დვალიშვილსა და უსმან ნურმაგომედოვის გარემოცვას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მერაბის გადმოცემით, მას ინტერვიუს ჩაწერისას რამდენიმე ადამიანი უკნიდან მიუახლოვდა და თავს დაესხა. მომხდარის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
დაპირისპირების დროს მერაბის გვერდით იყო 21 წლის ქართველი მოჭიდავე, საბა ლაზიშვილი, რომელიც მასთან ერთად გაუმკლავდა თავდამსხმელებს. ახალგაზრდა სპორტსმენმა საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. მისი ვინაობით არაერთი ადამიანი დაინტერესდა. მათ შორის, ცნობილი სპორტული ჟურნალისტი - არიელ ჰელუანი. მან ახალგაზრდა მოჭიდავის მიმართ პატივისცემა გამოხატა.
„განსაკუთრებული პატივისცემა საბა ლაზიშვილს. ის მხოლოდ 21 წლისაა და ერთი წამითაც არ დაუხევია უკან. სწორედ ასეთი ადამიანი გჭირდება გვერდით.” - აღნიშნა ჰელუანიმ თავის შოუში.
საბა ლაზიშვილი თავისუფალი სტილით მოჭიდავეა. მას მონაწილეობა მიუღია როგორც საქართველოში გამართულ, ისე საერთაშორისო ტურნირებში.
2021 წელს საბამ თბილისში გამართულ ზარიბეგ ბერიაშვილის სახელობის ტურნირზე, 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მესამე ადგილი დაიკავა. ის შეჯიბრებაზე აჭარის სახელით ასპარეზობდა.
როგორც საბას მამამ, ანზორ ლაზიშვილმა, CrystalSport-თან ინტერვიუში აღნიშნა, საბას სპორტული კარიერა ტრავმის გამო შეფერხდა. ახალგაზრდა მოჭიდავემ ორივე ფეხზე ჯვარედინი იოგები დაიზიანა, რის გამოც დაახლოებით ორი წელი გაუცდა. მოგვიანებით საბამ ვარჯიში განაახლა.
ანზორ ლაზიშვილმა ისიც განმარტა, როგორ აღმოჩნდა მისი შვილი მერაბ დვალიშვილთან ერთად აბუ-დაბიში. მისი თქმით, მერაბს თბილისში ყოფნისას საბას ჭიდაობა მოეწონა და RAF-ის ტურნირისთვის მოსამზადებლად თან წაიყვანა. დაგეგმილი იყო, რომ შეჯიბრების დროს საბა მერაბის კუთხეში იქნებოდა.
საბა ლაზიშვილი სპორტული ოჯახიდანაა. მისი უფროსი ძმა, ზვიად ლაზიშვილი, MMA-ის ქართველი მებრძოლია. ზვიადი ამერიკული ორგანიზაციის, LFA-ს ყოფილი ჩემპიონია. 2021 წელს მან UFC-შიც იასპარეზა. MMA-ში მის ანგარიშზე 13 გამარჯვებაა.
ძმების მამა, ანზორ ლაზიშვილიც, წარმატებული სპორტსმენია. ის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ვეტერანთა შორის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატების ხუთგზის პრიზიორია. 2016-2021 წლებში ანზორ ლაზიშვილი აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს.
აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტს ქართული სპორტული სამყაროს წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. მომხდართან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა საბას უფროსმა ძმამ, ზვიად ლაზიშვილმაც. მან დაგმო მერაბსა და საბაზე თავდასხმა და ორივე მათგანს მხარდაჭერა გამოუცხადა.
„საოცრად ვამაყობ ჩემი უმცროსი ძმით, საბათი და მერაბით“, - განაცხადა ზვიად ლაზიშვილმა.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები