ფიფასა და უეფას შორის დაპირისპირება ახალ ფაზაში გადადის.
ჯანი ინფანტინოს სკანდალურმა გეგმამ ევროპაში პირველი ღია მხარდამჭერი უკვე იპოვა, რამაც უეფას ერთიანობა სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენა.
ფიფას ახალი პროექტის მიხედვით, მსოფლიო ჩემპიონატის კომერციული უფლებები სპეციალურ კომპანიას უნდა გადაეცეს, სადაც გარე ინვესტორები ჩაერთვებიან. სანაცვლოდ, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო 211 წევრ ასოციაციას 40 მილიონ დოლარს ჰპირდება, თუმცა ერთი პირობით - მათ ამ წინადადებას მხარი 19 სექტემბრამდე უნდა დაუჭირონ.
ჩეხეთის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი დავიდ ტრუნდა ამ ინიციატივას მიესალმება. მან Sky-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ფინანსური სარგებელი ჩეხური ფეხბურთის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია:
ჯანი ინფანტინოსთან და მის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა ჩეხური ფეხბურთისთვის პრაგმატულად მომგებიანია. რა თქმა უნდა, მეტი დეტალი გვჭირდება, მაგრამ პირადად მე ფიფას განზრახვაში მხოლოდ პოზიტიურ გავლენას ვხედავ
ჩეხეთის ეს პოზიცია რადიკალურად ეწინააღმდეგება უეფას ხედვას. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ პროექტს უკვე უწოდა წითელი ხაზი, რომელიც არასდროს უნდა გადაკვეთილიყო. გამოცემა The Times-ის ინფორმაციით, ფეხბურთის მაღალჩინოსნები ამ შეთავაზებას ღია მოსყიდვად აფასებენ, რადგან თანხის სრულად მიღება მხოლოდ დადგენილ ვადაში თანხმობის შემთხვევაშია შესაძლებელი. გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, უეფა და კონკაკაფი მომავალი მსოფლიო ჩემპიონატების ბოიკოტირებასაც არ გამორიცხავენ.