მადრიდის რეალი და ტიბო კურტუა კონტრაქტის 2028 წლის 30 ივნისამდე გახანგრძლივებასთან ერთ ნაბიჯში არიან.
კლუბს ბელგიელის შესაძლებლობების ბოლომდე სჯერა და ტრადიციისამებრ, სეზონის დასრულებას აღარ ელოდება.
კურტუა უმაღლეს დონეზე თამაშობს. ინტერის წინააღმდეგ შესრულებული 7 სეივი ამის ნათელი დასტურია. ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ ის პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, ამიტომ მისი დაუყოვნებლივ ჩანაცვლების საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია.
რეალი პარალელურად ახალგაზრდულ აკადემიასაც აკვირდება. ტალანტებს შორის არიან მესტრე, აროიო, კეტგლასი, ალვარო, ილია ვოლოში და ჟილ პონსი, თუმცა მთავარი ყურადღება ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრების მეკარეზე, ხავი ნავაროზეა მიმართული. გათვლებში რჩება ფრან გონსალესიც, რომელსაც სევილიაში განათხოვრების პერიოდში დააკვირდებიან.
ანდრეი ლუნინი კვლავ საიმედო სათადარიგო მეკარეა. უკრაინელი ნამდვილი პროფესიონალია და სათამაშო დროის სიმცირის მიუხედავად, გასახდელში პრობლემებს არ ქმნის.
თავად კურტუას რეალში დარჩენა სურს და სხვა კლუბების გაცილებით მომგებიან ფინანსურ შეთავაზებებს უარყოფს. მის მიმართ სრულ ნდობას გამოხატავს ჟოზე მოურინიოც. პორტუგალიელი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ კურტუას კალიბრის მეკარე რეალისთვის უდიდესი ძალაა.