პორტუგალიის ნაკრებმა ერთა ლიგაზე ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, ნორვეგიას 2:1 მოუგო და მეოთხედფინალის საგზური გაინაღდა.
თუმცა, სპორტული წარმატების მიუხედავად, მთავარ განხილვის თემად კრიშტიანუ რონალდუსა და ჟორჟე ჟესუსის კონფლიქტი რჩება.
ნორვეგიასთან მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე დაძაბულობამ პიკს მიაღწია, როდესაც ჟურნალისტებმა მწვრთნელს 41 წლის კაპიტანთან ურთიერთობაზე ჰკითხეს. კითხვაზე, აპირებდა თუ არა იგი კრიშტიანუსთვის ბოდიშის მოხდას იმის გამო, რომ ხანგრძლივი მოთელვის მიუხედავად მოედანზე არ შეუშვა, ჟესუსმა კატეგორიული უარით უპასუხა.
მწვრთნელმა აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობას საკუთარ გადაწყვეტილებებზე იღებს, თუმცა ბოდიშის მოხდა სასაცილოდ მიაჩნია. მან ხაზგასმით განაცხადა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი თავადაა, შემადგენლობის შერჩევისას არავის უთანხმდება და ეს ის საკითხია, რომელიც უბრალოდ არ განიხილება.
რისთვის მოვიხადო ბოდიში? და რა მიზეზმა უნდა მიბიძგოს ბოდიშის მოხდისკენ? ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი ფეხბურთელის მოთელვაა. მიღებულ გადაწყვეტილებასა და მომხდარზე პასუხისმგებლობას ვიღებ, მაგრამ რისთვის მოვიხადო ბოდიში? და ვის წინაშე? ეს სასაცილოა
მიუხედავად ასეთი ხისტი პოზიციისა, პორტუგალიელ სპეციალისტს რონალდუს გუნდში დაბრუნება არ გამოურიცხავს. ახლა მთელი ყურადღება ნოემბრის სანაკრებო პაუზისკენაა მიმართული, 14 ნოემბერს პორტუგალია დანიას დაუპირისპირდება და გულშემატკივრები სწორედ ამ მატჩისთვის ელიან საბოლოო პასუხს, დასრულდება თუ არა ნაკრებში ეს მასშტაბური კრიზისი.