-
Aa
+
ფონტის ზომა
UFC 333-ზე პიოტრ იანთან ტრილოგიის გადამწყვეტ შეხვედრაში მარცხის შემდეგ, დვალიშვილი საჩემპიონო ბრძოლისთვის უშუალო პრეტენდენტთა შორის აღარ არის და ქამრის დასაბრუნებლად საკუთარი პოზიციების ხელახლა გამყარება მოუწევს.
საინტერესოა, ვის შეიძლება დაუპირისპირდეს მერაბ დვალიშვილი მომდევნო ბრძოლაში.
მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქედ ყველაზე რეალურ კანდიდატად მარიო ბაუტისტა განიხილება. ამერიკელმა მებრძოლმა ბოლო 11 ბრძოლიდან 10 მოიგო, ერთადერთი მარცხი კი უმარ ნურმაგომედოვთან განიცადა.
ბაუტისტა მრავალმხრივ განვითარებული მებრძოლია, რომელსაც კარიერაში 10 გამარჯვება ვადამდე აქვს მოპოვებული. მის ანგარიშზე არაერთი საბმიშენიცაა, ამიტომ არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ მას მერაბისთვის პარტერშიც შეუძლია პრობლემების შექმნა.
ბოლო ბრძოლაში ბაუტისტამ ქორი სენდჰაგენი ქულებით, საკმაოდ დამაჯერებლად დაამარცხა. ახლა მას კარიერაში კიდევ ერთი დიდი სახელის დამარცხება სჭირდება, მერაბ დვალიშვილთან დაპირისპირება კი სწორედ ასეთ შესაძლებლობას მისცემდა.
მერაბ დვალიშვილი და უმარ ნურმაგომედოვი ერთმანეთს პირველად გასული წლის იანვარში, UFC 311-ზე დაუპირისპირდნენ. შესაძლოა, უკვე დადგა მათი განმეორებითი შეხვედრის დრო.
ორ მებრძოლს შორის დაპირისპირება დიდი ხნის განმავლობაში გარდაუვალი ჩანდა. საბოლოოდ, მათი შეხვედრა მერაბის გამარჯვებით დასრულდა და სწორედ ქართველმა მებრძოლმა დააკარგვინა ნურმაგომედოვს დაუმარცხებელი სტატუსი.
რუსმა მებრძოლმა მერაბის ჭიდაობას სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და ქართველმა 25-წუთიანი ბრძოლის შემდეგ მსაჯების გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.
მას შემდეგ მერაბმა 4 საჩემპიონო ბრძოლა ჩაატარა, საიდანაც 2 მოიგო და 2 წააგო. მან შონ ო'მალი და ქორი სენდჰაგენი დაამარცხა, თუმცა 2-ჯერ დამარცხდა მოქმედ ჩემპიონ პიოტრ იანთან.
რაც შეეხება ნურმაგომედოვს, ამ პერიოდში მან 3 ბრძოლა ჩაატარა, 2 მოიგო და 1 წააგო. უკანასკნელ შეხვედრაში უმარმა კარიერაში პირველად განიცადა ვადამდელი მარცხი სონგ იადონგთან.
შესაბამისად, არსებობს შანსი, რომ დვალიშვილისა და ნურმაგომედოვის მეორე დაპირისპირება უახლოეს მომავალში შედგეს.
თუ სონგ იადონგი მომდევნო საჩემპიონო ბრძოლას ვერ მიიღებს და აქტიურობის შენარჩუნებას გადაწყვეტს, მისი შემდეგი მეტოქე შესაძლოა მერაბ დვალიშვილი გახდეს.
ჩინელი მებრძოლი საჩემპიონო ბრძოლის მიღებასთან ძალიან ახლოსაა, თუმცა არსებობს შესაძლებლობა, რომ პიოტრ იანთან დაპირისპირების შანსი შონ ო'მალის მიეცეს.
სონგ იადონგს ზედიზედ 2 ვადამდელი გამარჯვება აქვს მოპოვებული. მან ჯერ დეივესონ ფიგეირედო საბმიშენით დაამარცხა, შემდეგ კი უმარ ნურმაგომედოვს ნოკაუტით მოუგო.
ჩინელ მებრძოლს საკუთარი პოზიციების კიდევ უფრო გასამყარებლად კიდევ ერთი დიდი სახელის დამარცხება სჭირდება, მერაბ დვალიშვილი კი სწორედ ასეთი მეტოქეა.
შესაძლოა, საბოლოოდ სწორედ ეს დაპირისპირება შედგეს.
,,ერთი სული მაქვს, როდის დავბრუნდები" - რას წერს მერაბ დვალიშვილი?

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები