დუშან ვლაჰოვიჩი შესაძლოა იუვენტუსში დარჩეს.
სერბ ფორვარდს ტურინელებთან კონტრაქტი მომავალ წელს ეწურება. 2025/26 სეზონში ფეხბურთელს კლუბისგან ხელფასის სახით 12 მილიონი ევრო ეკუთვნის, რადგან კონტრაქტის თანახმად, წლიდან წლამდე მისი ხელფასი იმატებს და თავის პიკს კონტრაქტის ბოლო წელს, სწორედ ახლა აღწევს.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ვლაჰოვიჩს ამ თანხის დაკარგვა არ სურს, თუნდაც იმის ფასად, რომ სეზონის დიდი ნაწილის გატარება სათადარიგოთა სკამზე მოუწიოს. იუვენტუსს კი ფეხბურთელის გაყიდვა სურს, რადგან მხარეებმა ახალ კონტრაქტზე ვერ მოილაპარაკეს.
ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ფენერბაჰჩე და საუდის არაბეთის კლუბები იჩენდნენ. ტოპ-გუნდებისგან შემოთავაზება არ ყოფილა, სხვები კი ვლაჰოვიჩმა უარით გაისტუმრა.
კიდევ ერთი წლით იუვეში დარჩენის შემთხვევაში, ვლაჰოვიჩი იუვენტუსს მომავალ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.