ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონის გამარჯვებული იბერია 1999 გახდა. ბოლო ტურის შეხვედრაში გაგრას 2:1 მოუგეს და ზედიზედ მე-2, ხოლო ისტორიაში მე-3 ჩემპიონობა გაიფორმეს - 2018; 2024 და 2025.
ბოლო ტურის წინ, იბერია 1999 და გორის დილა 77-77 ქულით იყვნენ და ერთმანეთის პარალელურად ითამაშეს - გორელები თენგიზ ბურჯანაძეზე დინამო თბილისს მასპინძლობდნენ.
ანგარიში, 24-ე წუთზე, გიორგი ჯინჯოლავასა დარტყმისა და მეკარე არსენ სიუკაევის შეცდომის შემდეგ გაიხსნა. იბერიელთა მცველმა პირდაპირ მეკარის მიმართულებით დაარტყა, თუმცა რუსმა გოლკიპერმა ბურთს ხელები სათანადოდ ვერ დაუხვედრა.
ჯინჯოლავამ 2025 წლის სეზონის 25-ე შეხვედრაში მე-6 საგოლე მოქმედება მიითვალა. დასკვნით ტურებში განსაკუთრებულად მოუმატა და ბოლო 6 თამაშში 5 საგოლე მოქმედება შეასრულა - 3 გოლი და 2 ასისტი.
აღსანიშნავია, რომ 25 წლის ჯინჯოლავა იბერიას ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც სამივე საჩემპიონო სეზონისას გუნდის ღირსებას იცავდა.
32-ე წუთზე, მსაჯმა გიორგი ყრუაშვილმა იბერიელთა შემტევი ამირან ძაგანია გააძევა, რასაც მეორე ტაიმში, მე-60 წუთზე, დავით მუჯირის ვარდნაში ქუსლით გატანილი სუპერ გოლი და ანგარიშის გათანაბრება მოჰყვა. მუჯირმა შეაგდო ისეთი გოლი, პუშკაშის წლის გოლის ნომინანტებში მოხვედრა რომ შეუძლია.
მუჯირის გოლის მომენტში, დილა დინამო თბილისთან 0:1 მარცხდებოდა, იბერიელები შედარებით ანერვიულდნენ, მაგრამ თამაშის განახლებიდან რამდენიმე წამში მათმა კაპიტანმა, გიზი მამაგეიშვილმა სეზონში მე-6 და ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი შეაგდო, რაც საჩემპიონო გარანტია გამოდგა - 2:1.
მამაგეიშვილი ეროვნული ლიგის დასრულებულ სეზონში, 8 საგოლე პასით, ტურნირის საუკეთესო ასისტენტი გახდა, ჯამში კი 14 საგოლე მოქმედებას მოუყარა თავი, რაც ჩემპიონების რიგებში მე-2 შედეგი გახლდათ - აგვისტოში გუნდიდან კადისში წასულ იური ტაბატაძეს 15 ჰქონდა (11 გოლი და 4 ასისტი).
საბოლოოდ, ჩემპიონმა დედაქალაქელებმა 36-დან 24 მატჩი მოიგეს, 8 ფრედ დაასრულეს და 4-ჯერ დამარცხდნენ - თელავთან, კოლხეთთან, დინამო თბილისთან და ტორპედო ქუთაისთან (ყველა ეს წაგება 2 აგვისტოდან, ანუ ევროტურნირების შემდეგ იყო).
იბერია 1999 საქართველოს ჩემპიონი ისტორიაში მესამედ გახდა. გუნდს ტიტული გიორგი ჭიაბრიშვილმა (2018), ლევან კორღალიძემ (2024) და გუგა ნერგაძემ (2025) მოაგებინეს. კორღალიძის წვლილი არის წლევანდელ ჩემპიონობაშიც, რადგან გუნდს სათავეში ჩემპიონატის 36-დან 18 ტურის განმავლობაში ედგა, 7 ტურით - გია გეგუჩაძე, 1 ტურით - ანზორ ცხვიტავა, ხოლო ბოლო 10 ტური - გუგა ნერგაძე.
იბერიელებს დუბლის შესრულების შანსი ექნებათ - 10 დეკემბერს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალურ მატჩში გორის დილას ხვდებიან.