იტალიის სერია B-ს მე-17 ტურში, გიორგი კვერნაძის ფროზინონემ მორიგი მატჩი მოიგო და სატურნირო ცხრილის ლიდერობა 3-ქულიანი უპირატესობით შეინარჩუნა.
ლაციოელებმა საკუთარ ბენიტო სტირპეზე ერთ-ერთ აუტსაიდერ სპეციას 2:1 აჯობეს. კვერნაძე კვლავ სასტარტოში იყო და 84-ე წუთზე, როცა ანგარიში 2:0 იყო, მცველ დავიდე ბირასკით შეცვალეს - გოლებში მონაწილეობა არ მიუღია.
ქართველი მარცხენა შემტევი ბოლო დროს გუნდის ძირითადის უცვლელ წევრად იქცა - პირველივე წუთებიდან თამაში ზედიზედ მე-9 ტურში დაიწყო და ჯალაძურის მათგან არც ერთი შეხვედრა წაუგია (7 მოგება და 2 ფრე).
კვერნაძეს მიმდინარე სერია B-ს 15 შეხვედრაში 3 საგოლე მოქმედება აქვს - 2 გოლი და 1 ასისტი. კიდევ ერთი გოლი თასის მატჩში, მონცასთან გაიტანა.
მასიმილიანო ალვინის გუნდი მშვენიერ ფორმაშია და, როგორც აღვნიშნეთ, ბოლო 9 ტურში 23 ქულა აიღო, ჯამში კი სატურნირო ცხრილს 37 ქულით ლიდერობს და მე-2 ადგილოსან მონცას - 3 ქულით, ხოლო მე-3 ადგილოსან ვენეციას 5 ქულით უსწრებს. ცნობისთვის, სერია A-ში პირველი 2 გუნდი პირდაპირ დაწინაურდება, 1 საგზურის მფლობელს კი 6-გუნდიანი პლეი-ოფი გაარკვევს.
ფროზინონელები მომდევნო ტურში, 27 დეკემბერს, საბა გოგლიჩიძის ყოფილ გუნდ ემპოლის (20 ქულა - მე-10 ადგილი) ესტუმრებიან.