პარი სენ-ჟერმენის ყოფილმა ფეხბურთელმა, დავიდ ჟინოლამ ლუის ენრიკესა და პარიზულ კლუბში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.
"ლუის ენრიკემ მოიტანა ადამიანური ღირებულებების ეს სულისკვეთება. ვფიქრობ, რაც მას ცხოვრებაში გადახდა, ეს უდიდესი განსაცდელი, გასახდელში პატივისცემის განსაკუთრებულ ფორმად აისახა მოთამაშეებს შორის.
მათ თითქოს საკუთარ თავს უთხრეს: „ამ კაცმა იმდენი გადაიტანა, რომ დღეს ჩვენც გვქონდეს მის მიმართ ერთი მიდგომა, ნებისმიერ ფასად დავაკმაყოფილოთ იგი.“ და როცა ხედავ ფეხბურთელებს, რომლებმაც საკუთარ თავს გადააჭარბეს, ეს შემთხვევითობა არ არის.
სურათი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვიხილეთ, ყველაზე სიმბოლურია, ის მომენტია, როცა პსჟ აშკარად დომინირებდა და ჩვენ ვხედავთ კვარაცხელიას, რომელიც უკან ბრუნდება და დაცვაში მუშაობს, ხოლო გვერდით ლუის ენრიკე ტაშს უკრავს.
მისთვის ეს თითქმის გოლზე მნიშვნელოვანიც კი იყო. ეს იყო ფეხბურთელისა და გუნდის დამოკიდებულება, სადაც გრძნობდი, რომ საერთო ნება არსებობდა.
ამის გარეშე ასეთ შედეგს ვერ მიაღწევ. შეიძლება გყავდეს საუკეთესო ინდივიდები. მე, მაგალითად, რასინგში ვთამაშობდი, მყავდა ენცო ფრანჩესკოლი, მყავდა საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელები, მაგრამ მაინც ვერასოდეს შევძელით კლუბის აშენება. ჩვენ გვყავდა გუნდი, მაგრამ არ გვქონდა კლუბი.
და როცა დღეს ისევ ხედავ პსჟ-ს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის თასს ემოციებით სწევს მაღლა… ეს დიდებულია." - განაცხადა ფრანგმა Canal+თან საუბარში.
ჟინოლა პსჟ-ში 1992-1995 წლებში თამაშობდა.