ჟოზე მოურინიოს 10-დღიანი ვადა იწურება - რეალში გადასასვლელად 3 მილიონია საჭირო.
დღეს, 26 მაისს, იწურება ჟოზე მოურინიოს კონტრაქტში არსებული სპეციალური პუნქტის ვადა, რომელიც პორტუგალიელ სპეციალისტს ბენფიკას დატოვების საშუალებას 3 მილიონი ევროს სანაცვლოდ აძლევს. ეს უჩვეულო 10-დღიანი პირობა ხელშეკრულებაში 2025 წლის სექტემბერში, კლუბის საპრეზიდენტო არჩევნების გამო ჩაიწერა. პრეზიდენტ რუი კოშტას სურდა დაეზღვია გუნდი იმ შემთხვევისთვის, თუ არჩევნებს წააგებდა და ახალ ხელმძღვანელობას მოურინიოსთან მუშაობა არ მოუნდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ რუი კოშტა პრეზიდენტად ხელახლა აირჩიეს, პუნქტი ძალაში დარჩა და მისი ათვლა სეზონის ბოლო მატჩიდან (16 მაისი, ესტორილთან) დაიწყო. დღეს, შუაღამისას, ეს ვადა სამუდამოდ იწურება.
ფლორენტინო პერესთან პირადად არ მისაუბრია, თუმცა ჩემს აგენტს მადრიდის რეალთან კონტაქტი ნამდვილად აქვს
თუ ვადა ამოიწურება, მოურინიოს კონტრაქტი ბენფიკასთან ავტომატურად გახანგრძლივდება 2027 წლამდე. ასეთ შემთხვევაში, ნებისმიერ დაინტერესებულ კლუბს, მათ შორის მადრიდის რეალს, პორტუგალიელებთან პირდაპირი მოლაპარაკებების წარმოება მოუწევს, რაც მწვრთნელის გამოსასყიდ ფასს საგრძნობლად გაზრდის. რეალში მიმდინარე საარჩევნო პროცესები ოფიციალურ ნაბიჯებს ანელებს, რაც ბენფიკასთვის დამატებითი ნერვიულობის საფუძველია.
სიტუაციას ისიც ართულებს, რომ ბენფიკას ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში 23 ივლისიდან მოუწევს - მსოფლიო ჩემპიონატის ფინალიდან სულ რაღაც ოთხ დღეში. კლუბს სასწრაფოდ სჭირდება იმის გარკვევა, თუ ვინ უხელმძღვანელებს გუნდს მომავალ სეზონში, რის გამოც ლისაბონში საათები დათვლილია.