ჟოზე მოურინიოს გათავისუფლების შემდეგ, სტამბოლის ფენერბაჰჩე მთავარი მწვრთნელის პოსტზე დომენიკო ტედესკოს დანიშნავს.
გერმანელ-იტალიელი სპეციალისტთან შეთანხმების მიღწევის შესახებ თავად კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა. ტედესკო თურქეთში უახლოეს საათებში ჩავა და ახალ გუნდთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ახალგაზრდა ტაქტიკოსის ერთ-ერთი ასისტენტი ფენერისა და თურქეთის ნაკრების ყოფილი მარჯვენა მცველი, გიოქან გიონიული იქნება, რომელიც ლურჯ-ყვითელი მაისურით 2007-2016 და 2020-2021 წლებში თამაშობდა.
39 წლის ტედესკო შალკეს, მოსკოვის სპარტაკს, ლაიპციგსა და ბელგიის ნაკრებს წვრთნიდა, თუმცა 2 წელზე მეტი არსად უმუშავია.
შეგახსენებთ, სტამბოლურმა გრანდმა 2024 წლის ზაფხულში დანიშნული მოურინიო 29 აგვისტოს გაათავისუფლა. როგორც ფენერის პრეზიდენტმა, ალი კოჯმა, განაცხადა, შემადგენლობის ხარისხისა და მრავალფეროვნების ფონზე, მიზეზი ის სტილია, რომლითაც ჟოზე გუნდს ათამაშებდა.