მილანის ნახევარმცველი, რუბენ ლოფტუს-ჩიკი, შესაძლოა მოედანს სეზონის ბოლომდე გამოეთიშოს.
ინგლისელმა ფეხბურთელმა ყბის მძიმე ტრავმა სერია A-ს 26-ე ტურში, პარმასთან მატჩისას (0:1) მიიღო.
ინციდენტი შეხვედრის მე-8 წუთზე მოხდა. ალექსის სალემაკერსის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთის მოგერიებისას, პარმას მეკარე ედოარდო კორვი ლოფტუს-ჩიკს შეეჯახა. ნახევარმცველმა მოედანი საკაცით და კისრის ფიქსატორით დატოვა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მას ალვეოლური ძვლის მოტეხილობა აქვს.
Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, პირველადმა გამოკვლევამ შემდეგი დაზიანებები გამოავლინა: ზედა ყბის მინიმუმ ორი კბილის მოტეხილობა; ორი ღრმა ჭრილობა, მათგან ერთი — შუბლის არეში.
საბედნიეროდ, ფეხბურთელს გონება არ დაუკარგავს და არც ტვინის შერყევა დაუდასტურდა. დღეს ლოფტუს-ჩიკს ყბა-სახის ოპერაცია ჩაუტარდება, სადაც დაზიანებული კბილების სტაბილიზაციისთვის, შესაძლოა, სპეციალური ხრახნები ან ფირფიტები გამოიყენონ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში სპორტსმენს კვება, სავარაუდოდ, ზონდის მეშვეობით მოუწევს.
ამ ეტაპზე აღდგენის ზუსტი ვადების დადგენა რთულია, რადგან მსგავსი ტრავმა ფეხბურთისთვის ტიპური არ არის. თუმცა, დიდი ალბათობით, მილანის ნახევარმცველი მიმდინარე სეზონში თამაშს ვეღარ შეძლებს.