როლან გაროსის 1/4 ფინალში კარლოს ალკარასი ბერძენ სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდა და მეტოქე 3 სეტში (3-6, 6-7, 4-6) დაამარცხა.
ესპანელი 1/2 ფინალში იანიკ სინერს დაუპირისპირდა, რომელმაც ასევე 3 სეტში დაამარცხა გრიგორ დიმიტროვი.
იანიკისთვის მნიშვნელოვანი დღე იყო, რადგან ის როლან გაროსის შემდეგ გახდება ისტორიაში პირველი იტალიელი ჩოგბურთელი, რომელიც ATP რეიტინგს სათავეში ჩაუდგება. ეს ნოვაკ ჯოკოვიჩის ტურნირიდან ჩახსნის შემდეგ დადასტურდა, რომელიც როლან გაროსზე ტიტულს ვეღარ დაიცავს.
21 წლის ალკარასი და 22 წლის სინერი ჩოგბურთის მომავლად მიიჩნევიან. ორივე მათგანმა გუშინ გრანდ სლემებზე კარიერაში 50-ე გამარჯვება მოიპოვეს.
ისინი ერთმანეთს უკვე მეცხრედ შეხვდებიან, აქამდე ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა თანაბარია (4-4) - ბოლო შეხვედრა კარლოსმა მოიგო ინდიან უელსზე. მათი ერთადერთი შეხვედრა თიხის საფარზე 2022 წელს შედგა უმაგის ტურნირზე, სადაც იანიკმა იმარჯვა.
სინერი 2024 წელს გრანდ სლემებზე დაუმარცხებელია, ჯამში კი მან ამ სეზონში 33 მატჩი მოიგო და მხოლოდ 2 წააგო. კარლოსმა კი 2024-ში 22 შეხვედრაში გაიმარჯვა და 5-ში დამარცხდა.
ორივე ჩოგბურთელი როლან გაროსის ფინალში გასასვლელად პირველად იბრძოლებს. საინტერესოა, რომ მათ ტურნირამდე ტრავმები აწუხებდათ, მაგრამ ამან ხელი არ შეუშალათ, რომ ამ ეტაპამდე მოსულიყვნენ.
დიდი წინასწარმეტყველება არ სჭირდება, რომ კარლოს ალკარასისა და იანიკ სინერის მეტოქეობა ჩოგბურთის ახალ ერაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს და ამ სპორტის მომავალსაც განსაზღვრავს.
ისინი ერთმანეთსაც აძლიერებენ, რაზეც ესპანელმაც ისაუბრა: "იანიკის წყალობით მე ჩემს თავს ვაიძულებ, რომ უკეთესი გავხდე და უკეთესი მოთამაშე ვიყო. ის მსოფლიოში საუკეთესოა. მისი ამ დონეზე ნახვა მოტივაციას მაძლევს, რომ ყოველ დილას ავდგე და მის დასამარცხებლად მოვემზადო."
მათი მატჩები არასდროსაა გამოსატოვებელი, რადგან ისინი ყოველთვის დიდ სანახაობას სთავაზობენ გულშემატკივრებს და ორივე მოთამაშისგან საოცარი მომენტები ყველა მატჩში გარანტირებულია.
ესპანელი და იტალიელი ერთმანეთს 7 ივნისს დაუპირისპირდებიან.
რაც შეეხება მეორე 1/2 ფინალურ წყვილს, ნორვეგიელი კასპერ რუდი, რომელიც ნოვაკ ჯოკოვიჩის ტურნირიდან მოხსნის გამო პირდაპირ შემდეგ ეტაპზე გავიდა, ალექსანდერ ზვერევსა და ალექს დე მინორს შორის გამარჯვებულს შეხვდება.