-
Aa
+
ფონტის ზომა
შეხვედრაში, რომელიც თითქოს ლოგიკას ეწინააღმდეგებოდა, საფრანგეთმა ტიტული შეინარჩუნა და ინგლისი 48–46 დაამარცხა თამაშში, რომელზეც ალბათ ათწლეულების განმავლობაში ილაპარაკებენ.
პირველი ტაიმის ფოიერვერკი
ტონი მატჩის დაწყებიდანვე განისაზღვრა. ინგლისმა ძალიან სწრაფად აჩვენა თავისი განზრახვა, თუმცა პირველივე წუთზე დადებული ლელო გაუქმდა. ეს იყო შვება საფრანგეთისთვის, რომელმაც მალევე უპასუხა ლუი ბიელ-ბიარეის ლელოთი. ვინგერმა, რომელიც მთელი ტურნირის განმავლობაში ნამდვილი მტაცებელი იყო, დაცვის შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გახსნა.
ინგლისმა, რომელიც სრულიად განსხვავებული ჩანდა ადრე ნაჩვენები თამაშებისგან, ენერგიულად უპასუხა და ტომ როუბუკისა და ოლი ჩესამის ლელოებით ანგარიში შეცვალა.
35-ე წუთისთვის ინგლისმა უკვე ბონუს ქულაც მოიპოვა. ფინ სმითმა ქაოსურ გარემოში თავისი რიტმი იპოვა და სანახაობრივი ეპიზოდი არეკნით დაასრულა, ინგლისი 27–17 დაწინაურდა.
პირველი ტაიმის ბოლოს საფრანგეთს საჯარიმო ლელო ჩაეთვალა, ხოლო ინგლისის მარცხენა ბურჯ ელის გენჯს მთავარმა მსაჯმა, ნიკა ამაშუკელმა, ყვითელი ბარათი უჩვენა. შედეგად სტუმრებს მეორე ტაიმის პირველი ათი წუთი ერთ მოთამაშეზე ნაკლებით უნდა ეთამაშათ.
მომენტუმის ცვლილება
მეორე ტაიმის დასაწყისი სტუმრებისთვის კატასტროფული აღმოჩნდა. საფრანგეთმა, რომელმაც სუსტი წერტილი იგრძნო, მაშინვე შეტევაზე გადავიდა. ბიელ-ბიარეიმ ჰეთ-ტრიკი შეასრულა, ხოლო თეო ატისოგბემ ლელო გაიტანა და ინგლისის უპირატესობა გააქრო. მოულოდნელად სტად დე ფრანსი ახმაურდა, საფრანგეთი კი უკვე 31–27-ს იგებდა.
თუმცა ინგლისს დანებება არ უფიქრია. ჩესამმა მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო ინდივიდუალური მომენტი შექმნა: საკუთარ ნახევარზე ფრანგების პასი ჩაჭრა და მისი მეორე ლელო დადო.
მარკუს სმითმა, რომელიც 50-ე კეპს აღნიშნავდა, რამდენიმე წუთში კიდევ ერთი ლელო დადო და ინგლისი 39–38 წინ გაიყვანა.
დრამა კვლავ შეიცვალა, როცა ბიელ-ბიარეიმ თავისი მეოთხე ლელო გაიტანა (უკვე 29 ლელო 27 მატჩში ეროვნული ნაკრების მაისურით) და საფრანგეთი ისევ დაწინაურდა. თუმცა შეხვედრის დასრულებამდე სამ წუთზე ნაკლებ დროში ტომი ფრიმენმა ლელო დადო და ინგლისი ერთი ქულით წინ გაიყვანა.
ბოლო მოულოდნელი შემობრუნება
როცა ტიტული ბედი ბეწვზე ეკიდა, ბოლო წუთები ნამდვილი დრამაიყო. ერთი ქულით უკან მყოფმა საფრანგეთმა ინგლისის ნახევარზე შეტევა განაგრძო. ძლიერი ზეწოლის ქვეშ ინგლისმა ჯერ მაღალი ბოჭვისთვის საჯარიმო დარტყმა მიიღო, შემდეგ კი მარო იტოჯემ განზრახ ბურთის ჩაჭრით კიდევ ერთხელ დააღვია თამაშის წესი.
დრო უკვე ამოწურული იყო. თომა რამოსი, რომელსაც ხშირად სპორტის უდიდეს დამრტყმელად მიიჩნევენ, ბურთთან მივიდა. სტად დე ფრანსმა კი სუნთქვა შეიკავა.
ფრანგმა არეკნი ზუსტად შეასრულა და ჩემპიონატის ბედი ასე გადაწყდა. ინგლისი სასოწარკვეთილი დარჩა, ხოლო ირლანდიამ, რომელიც შორიდან ადევნებდა თვალს, დაინახა როგორ გაქრა მისი სატიტულო იმედი.
საფრანგეთი კი , რომელმაც რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეულ მატჩში გაიმარჯვა, ექვსი ერის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები