პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე დარწმუნებულია, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე პარიზელები ლიდერობას არ დათმობენ.
ამჟამად პსჟ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე მყოფ ლანსს 6 ქულით უსწრებს. გუნდები ერთმანეთს 13 მაისს, ლანსის მოედანზე დაუპირისპირდებიან.
„ვფიქრობ, ჩვენ უკვე ჩემპიონები ვართ. მიმაჩნია, რომ ეს უპირატესობა საკმარისია და საშუალებას გვაძლევს, დარჩენილი ორი მატჩისთვის ინდივიდუალურად მოვემზადოთ, სანამ უშუალოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე გადავერთვებით.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის სამუშაო, რაც ლანსმა ამ სეზონში გასწია. ისინი წარმოუდგენლად ძლიერები არიან, რის გამოც წელს ძალიან გაგვიჭირდა. წინა ორ სეზონში ყველაფერი გაცილებით მარტივი იყო.
ახლა კი, ყოველთვის, როცა პსჟ-ს მაისურს იცვამ, მზად უნდა იყო. ამიტომ ლანსთან მატჩისთვის ჩვეულ რეჟიმში მოვემზადებით, თუმცა, ამავდროულად, ფეხბურთელების სათამაშო დროსაც გავითვალისწინებთ. ჩვენი მთავარი მიზანი 30 მაისია." – განაცხადა ენრიკემ.