ფეხბურთში არის განადგურებები, რომლის შემდეგაც სრულ სიცარიელეს გრძნობ. არის განადგურებები, რომელთა შემდეგაც არ იცი, გულის წყვეტისგან სად წახვიდე.
მაგრამ, არის ასეთი განადგურებებიც, რომელიც გარკვეულწილად შვების მომგვრელი აღმოჩნდა: იმიტომ, რომ 2024/25 წლების რეალის სეზონი დიდი ხანია იქცა ტვირთად, რომელიც ყოველკვირა უფრო და უფრო გაწვება მხრებზე.
რეალი დიდი ხანია გარდაუვალს ავადებს და აპრილის შუამდე ისე მოვიდა, რომ სამივე ტიტულზე აგრძელებს პრეტენზიას. თუმცა, რეალობას ვერ მოატყუებ: რთულია მოიგო გადამწყვეტი მატჩები და მითუმეტეს ტიტულები, როცა გუნდს არაფერი არ უმუშავებს.
ამ სეზონში გუნდმა უკვე 52 მატჩი ჩაატარა და კარლო ანჩელოტიმ ვერაფრის გამოსავალი ვერ იპოვა, მაგრამ რაც უფრო უცნაურია, თითქოს არც უძებნია. თითქოს ფიქრობდა, რომ დაუჯერებლად ვარსკვლავური შეტევის კლასი ყველანაირ პრობლემას გადაწონიდა.
შესაძლოა, ყველაფერი მხოლოდ მისი ბრალიც არ იყოს და ეს ალბათ ასეცაა, მაგრამ ანჩელოტის რეალისთვის გამოსავალი არც შეუთავაზებია. მთელი სეზონია ის იმეორებს, რომ რეალი ყველა მატჩში უნდა წვალობდეს - თითქოს, ეს გუნდის დევიზად იქცა. ადრე კარლო ამ სიტყვებს მხოლოდ საკვანძო მატჩების წინ ამბობდა, ახლა კი ლეგანესთან 3:2 მოგების შემდეგაც იგივეს ამბობს - ნამდვილად არის ეს ის მიდგომა, რომელიც ამ რეალს და ასეთ ფეხბურთელებს სჭირდებათ?
გუნდი ემირეითსზე 0:3-ს აგებდა და იტალიელის პირველი ცვლილებები იყო ლუკას ვასკესის და ფრან გარსიას შემოსვლა. არც ენდრიკი, არც გიულერი საბოლოოდ მოედანზე არ გვინახავს, ბრაჰიმ დიასი კი მხოლოდ 85-ე წუთზე შემოვიდა როდრიგოს ნაცვლად.
ანჩელოტი არ არის მზად თავისი მთავარი ვარსკვლავები უსიამოვნო მდგომარეობაში ჩააგდოს, მაშინაც კი, როცა ისინი აღალატებენ. ვინისიუსი, კილიან მბაპე და ჯუდ ბელინგემი, ზოგჯერ კი როდრიგოც, მოედანზე ბოლომდე დარჩებიან, როგორც არ უნდა ითამაშონ.
მადრიდი ვერ ფუნქციონირებს ვერცერთ ხაზში: დაცვა ზედმეტად ბევრ საგოლე მომენტს უშვებს თავის კართან, ნახევარდაცვა განადგურებულია და ცდილობს ყველა სივრცე ერთდროულად შეავსოს, რათა გარკვეულწილად მაინც ტოვებდეს გუნდის შთაბეჭდილებას, თავდასხმა კი საერთოდ თავისი ცხოვრებით ცხოვრობს. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ ფეხბურთელებს შორის არანაირი ქიმია არ არსებობს და ეს ყველაფერი მხოლოდ სამწვრთნელო შტაბის ბრალია.
ანჩელოტის ამ სეზონის მთავარი დრამა ის არის, რომ ხელმოსაჭიდიც კი არაფერია, რითაც შეიძლება აიხსნას გუნდის ეს უმაქნისობა ყველა ასპექტში. მადრიდის მატჩები დღესასწაული აღარ არის, ყოველ ახალ ჯერზე ეს წვალების ახალი სეანსია.
არსენალმა უბრალოდ კიდევ ერთხელ გაგვაგებინა ის, რასაც მთელი სეზონია ესმევა ხაზი და ამბობს ყველა, ვინც გუნდის მატჩებს სტაბილურად უყურებს: რეალს ახალი იდეები და განსხვავებული მეთოდები ესაჭიროება.