კარლო ანჩელოტის აზრით, მადრიდის რეალს უბრალოდ მწვრთნელის შეცვლა არ უშველის.
Sky Sports-ის ინფორმაციით, იტალიელი სპეციალისტი გუნდს კოპა დელ რეის ფინალის შემდეგ დატოვებს.
თუმცა, Relevo წერს, რომ განურჩევლად იმისა, თუ რას გადაწყვეტს ბორდი, თავად ანჩელოტის აზრით, კლუბში გაცილებით დიდი ცვლილებებია საჭირო, ვიდრე უბრალოდ მწვრთნელის ჩანაცვლება.
ანჩელოტის გარემოცვაში მყოფი ადამიანები ცდილობენ ის თავისი მომავლის გადახედვაზე დაიყოლიონ, თუმცა ამ ეტაპზე, ის თავისი ნებით გადადგომას არ აპირებს.
მწვრთნელი აპირებს დაიცადოს სეზონის ბოლომდე, შეხვდეს ხელმძღვანელობას და გადაწყვეტილება მათთან ერთად მიიღოს. ნებისმიერ შემთხვევაში, მისი განშორება კლუბთან არ იქნება ისეთივე, როგორიც 2015-ში იყო, როცა ის თანამდებობიდან დაითხოვეს. ახლა მხარეები ცივილურად დაილაპარაკებენ და საუკეთესო გამოსვლის პოვნას ეცდებიან.
ანჩელოტის ფლორენტინო პერესთან საუცხოო ურთიერთობა აქვს და წასვლის შემთხვევაშიც, რეალთან გარკვეულწილად დაკავშირებული ის მაინც იქნება.