საქართველოს თასზე 1/4 ფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა და სამი ნახევარფინალისტი გუნდი გაირკვა.
რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, ტორპედო ქუთაისმა დინამო ბათუმს უმასპინძლა, ძირითად დროში 2:2 ითამაშა, დამატებითში კი აჭარლებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს და შემდეტ ეტაპზე გავიდნენ. უერდი მარამ დუბლი შეასრულა, იმრანმა და მაურიდესმა კი თითოჯერ შეაგდეს.
ასევე დამატებით დროში გაიმარჯვა დილა გორმა, რომელმაც თენგიზ ბურჯანაძეზე წყალტუბოს სამგურალს უმასპინძლა და 18 წლის გიორგი კობახიძის მიერ 121-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგო.
გაგრამ და დუშეთის არაგვმაც 120-წუთიანი მატჩი ითამაშეს, ოღონდ, უგოლო ფრის შემდეგ საქმე პენალტებამდე მივიდა - გაგრელებმა 4:3 გაიმარჯვეს და 1/2 ფინალის საგზური მოიპოვეს.
შედეგად, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2026 წლის გათამაშების 1/2 ფინალში დინამო ბათუმი, დილა გორი და გაგრა ითამაშებენ, მეოთხე გუნდი კი მას შემდეგ გაირკვევა, რაც რუსთავი 1/4 ფინალში იბერია 1999-სა და სამტრედიას გამარჯვებულს შეხვდება.
იბერიელები და იმერლები 1/8 ფინალურ მატჩს 2 სექტემბერს ითამაშებენ, 1/4 ფინალის თარიღი კი მოგვიანებით გვეცოდინება.