მადრიდის გრან-პრის შემდეგ ფორმულა 1-ის სამყარო უდიდესი სკანდალის ეპიცენტრშია.
13 სექტემბერს გამართულ რბოლაში ალპინის ფრანგმა პილოტმა, პიერ გასლიმ უარი თქვა თავისი არგენტინელი თანაგუნდელის, ფრანკო კოლაპინტოს გატარებაზე, რასაც გულშემატკივრების მხრიდან წარმოუდგენელი აგრესია მოჰყვა.
ფრანგმა მრბოლელმა უკვე მიიღო 13 000-მდე მუქარის შემცველი შეტყობინება, სადაც საფრთხე მის ოჯახის წევრებსა და შეყვარებულსაც ემუქრებათ. საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) პრეზიდენტმა, მოჰამედ ბენ სულაიემმა მომხდარზე უმკაცრესი რეაგირება მოახდინა. მისი განცხადებით, ორგანიზაცია დამნაშავეების წინააღმდეგ რადიკალურ ზომებს მიიღებს და ანონიმური ანგარიშების უკან ამოფარებული ადამიანების გამოსავლენად ხელოვნურ ინტელექტს (AI) გამოიყენებს.
ვითარების სერიოზულობის ხაზგასასმელად სულაიემმა გაიხსენა შემთხვევა, როდესაც გაუპატიურებისა და მკვლელობის მუდმივი მუქარის გამო ქალმა სტიუარდმა სამსახური დატოვა.
სიტუაციის დასამშვიდებლად საჯარო განცხადება თავად 23 წლის კოლაპინტომაც გააკეთა და არგენტინელ გულშემატკივრებს თანაგუნდელზე შეტევის შეწყვეტისკენ მოუწოდა. მიუხედავად ამისა, ალპინის ხელმძღვანელმა, ფლავიო ბრიატორემ გადაწყვიტა, რომ გუნდი არგენტინულ მედიასთან აღარ ითანამშრომლებს და მათ წარმომადგენლებს ინტერვიუებზე ოფიციალურად გამოუცხადა ბოიკოტი.