07 ოქტ, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
კვირას, სეპანგზე გამართული ბაჰრეინის გრან პრის შემდეგ, მალაიზიიდან თვითმფრინავით გაფრენის ან ავტომობილით მგზავრობის ნაცვლად, კადილაკის პილოტმა 3 დღე ველოსიპედით გაატარა და სინგაპურამდე დაახლოებით 350 კილომეტრი გაიარა.
მისი მარშრუტი მოიცავდა როგორც ასფალტირებულ გზებს, ისე ხრეშიან მონაკვეთებსა და სოფლის გზებს. ბოტასმა საზღვარი ოთხშაბათს, დღის მეორე ნახევარში გადაკვეთა.
AsiaOne-ის ცნობით, რომელიც მისი მოგზაურობის ბოლო ეტაპს აკვირდებოდა, ბოტასი სინგაპურში Causeway-ს გავლით ადგილობრივი დროით დაახლოებით 14:20 საათზე შევიდა.
14:40 საათისთვის 37 წლის ფინელს Woodlands Crossing უკვე გავლილი ჰქონდა და ქალაქის ცენტრისკენ გაემართა, სადაც ხუთშაბათს მედიასთან შეხვედრები ჰქონდა დაგეგმილი.
მოგზაურობა სეპანგზე ბოტასისთვის იმედგამაცრუებელი უიქენდის დასრულებიდან რამდენიმე საათში დაიწყო. რბოლის მე-9 წრეზე ის დატრიალდა, ხრეშის ზონაში გადავიდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
ამის შემდეგ კადილაკი ველოსიპედით შეცვალა და სამხრეთისკენ გაემართა.
ბოტასი მოგზაურობის დასაწყებად ორშაბათს არ დალოდებია.
მისი პირველი დაფიქსირებული მარშრუტი კვირას საღამოს დაიწყო და 56.6 კილომეტრი 128 წუთში გაიარა. სეპანგის საერთაშორისო ავტოდრომიდან ის Port Dickson-ის მიმართულებით გაემართა.
მეორე ეტაპი გაცილებით ხანგრძლივი აღმოჩნდა. ორშაბათს ბოტასმა დაახლოებით 5 საათსა და 45 წუთში 161.91 კილომეტრი დაფარა.
მარშრუტი მალაიზიის სოფლის ტერიტორიებზე გადიოდა და მოიცავდა ხრეშიან გზებს, გრუნტიან მონაკვეთებსა და პალმის ზეთის პლანტაციებს.
„დიახ, სინგაპურისკენ ველოსიპედით მივდივარ... ნაკლებად ცნობილ ხრეშიან გზებზე“, - დაწერა ბოტასმა სოციალურ ქსელში, სადაც მოგზაურობის დეტალებს აქვეყნებდა.
ფინელმა გზა სამხრეთის მიმართულებით მელაკასა და ჯოჰორის გავლით განაგრძო. სამშაბათს საღამოს კულაის მიაღწია, ოთხშაბათს კი მოგზაურობის ბოლო მონაკვეთი გაიარა და სინგაპურში ჩავიდა.
ბოტასს გზაში მალაიზიელი ველომრბოლი შაიფულ ნიზამ იაჰია ახლდა, ხოლო სინგაპურში მცხოვრები ველომრბოლელი ვილფრედ დიპევენი მას Woodlands Crossing-ის მახლობლად დაელოდა და შემდეგ შეუერთდა.
ფორმულა 1-ის პილოტისთვის ზედიზედ ორ სარბოლო უიქენდს შორის ასეთი მოგზაურობა უჩვეულოა, თუმცა ბოტასის შემთხვევაში ველოსიპედის არჩევა გასაკვირი ნამდვილად არ არის.
ველოსპორტი ფინელის ერთ-ერთი მთავარი სპორტული გატაცებაა ფორმულა 1-ის მიღმა და ის რეგულარულად მონაწილეობს ველორბოლებში. მისი პარტნიორი, ტიფანი კრომველი, პროფესიონალი ველომრბოლელია.
ბოტასმა 2024 წელს UCI-ის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა და 2026 წლის ტურნირის საგზურიც მოიპოვა, თუმცა წელს შეჯიბრებაში მონაწილეობას ვერ შეძლებს, რადგან ჩემპიონატის თარიღები სინგაპურის გრან პრის ემთხვევა.
ველოსპორტისადმი მისი ინტერესი მხოლოდ შეჯიბრებებით არ შემოიფარგლება. ბოტასი ველოსიპედით ვარჯიშს ფიზიკური მომზადების პროცესშიც აქტიურად იყენებს და ფორმულა 1-ის სეზონის განმავლობაში მას გამძლეობის გასაუმჯობესებელ ალტერნატიულ ვარჯიშად მიიჩნევს.
შესაბამისად, რბოლებს შორის 3-დღიანი მოგზაურობა მისთვის გადაადგილებისა და იმ ტიპის ვარჯიშის ერთობლიობა იყო, რომელსაც ის ისედაც რეგულარულად ასრულებს.
მიუხედავად ამისა, სინგაპურის გრან პრის წინ 350 კილომეტრის გავლა გაცილებით დიდი დატვირთვაა, ვიდრე ჩვეულებრივი წინასარბოლო ველოსესია.
ბოტასის ასეთი ფორმით ჩასვლა განსაკუთრებით საინტერესოა იმის გათვალისწინებით, რომ Marina Bay ფორმულა 1-ის კალენდარში ერთ-ერთ ყველაზე რთულ და ფიზიკურად მომთხოვნ რბოლად ითვლება.
მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა, ქუჩის ტრასისთვის დამახასიათებელ ხშირ აჩქარებებსა და დამუხრუჭებებთან ერთად, პილოტების ორგანიზმს დიდ დატვირთვას აყენებს. ამასთან, სინგაპურის რბოლა ტრადიციულად თითქმის ორსაათიან ზღვრამდე გრძელდება.
ამ სეზონში სინგაპური პირველად უმასპინძლებს სპრინტსაც, რაც უიქენდის განმავლობაში კონკურენტული სესიების რაოდენობას ზრდის.
პარასკევს პილოტებს მხოლოდ ერთი თავისუფალი პრაქტიკა ექნებათ, რის შემდეგაც სპრინტის კვალიფიკაცია გაიმართება. შაბათს კი სპრინტი და გრან პრის კვალიფიკაციაა დაგეგმილი.
მიუხედავად ამისა, ბოტასმა მოგზაურობა ისე დაგეგმა, რომ სინგაპურში ხუთშაბათისთვის ჩასულიყო და სავალდებულო მედიაღონისძიებებში მონაწილეობა მიეღო.
ამგვარად, პარასკევს ტრასაზე გასვლამდე მას აღდგენისთვის გარკვეული დრო დარჩება.
2026 წლის სინგაპურის გრან პრის უიქენდი პარასკევს პირველი თავისუფალი პრაქტიკითა და სპრინტის კვალიფიკაციით დაიწყება, ხოლო კვირას მთავარი რბოლა საქართველოს დროით 16:00 საათზე აიღებს სტარტს.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები