ესტებან ოკონმა დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს ფორმულა 1-ში ჰაასის გუნდს დატოვებს.
„ჰაასში ჩემი პერიოდი 2026 წლის სეზონის დასრულებასთან ერთად დამთავრდება.
ამ პროექტს თავაწეული და ჩემი შედეგებით ამაყი ვტოვებ. სხვადასხვა მიზეზისა და ჩემგან დამოუკიდებელი ფაქტორების გამო ყოველთვის მარტივ პირობებში არ მიწევდა ასპარეზობა.
ამ ეტაპზე ჩემი მთავარი ყურადღება მომდევნო სარბოლო უქმეებზეა გადატანილი. გუნდთან ერთად კვლავ თავდაუზოგავად ვიმუშავებ, მაქსიმალურად გამოვიყენებ ყველა შესაძლებლობას და ვეცდები, ბოლომდე გამოვავლინო ბოლიდის პოტენციალი.
ამ სეზონში ჯერ კიდევ ბევრი რბოლაა დარჩენილი და, როგორც ყოველთვის, საჭესთან ყველაფერს გავიღებ, როგორც საკუთარი თავისთვის, ისე ჩემი გუნდისთვის.
კვლავ მოტივირებული ვარ. კვლავ წარმატების წყურვილი მაქვს. ეს ნამდვილად არ არის ჩემი ფორმულა 1-ის კარიერის დასასრული.“ - წერს ფრანგი პილოტი.
,,ჰაასისა და ესტებან ოკონის გზები 2026 წლის სეზონის დასრულების შემდეგ გაიყოფა.
წინ ჯერ კიდევ ბევრი რბოლაა და ჩვენი მთავარი მიზანი უცვლელია, ერთად მუშაობა და ყველა შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოყენება წლის ბოლო რბოლამდე." - წერს ფორმულა 1-ის გუნდი.
ფერარის ახალგაზრდა პილოტთა პროგრამის წევრი და FIA ფორმულა 2-ის ჩემპიონატის ლიდერი რაფაელ კამარა ოკონის ადგილის დაკავების მთავარ კანდიდატად მიიჩნევა.