იტალიის ქალაქ რიმინიში გამართულ ახალგაზრდულ მსოფლიო თასზე საქართველოს ბატუტზე ხტომის ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა.
ნაკრებმა ასაკობრივ კატეგორიაში 13 მედალი - 6 ოქროს, 5 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს ჯილდო მოიპოვა.
ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები ქართველი სპორტსმენებიდან გახდნენ:
11-12 წლამდე გოგონები - სინქრონულ ხტომებში ჩემპიონები მარიამ ბერია და ანანო ქარსაულიძე გახდნენ, ხოლო ვერცხლის მედალი ნინო მარკოზაშვილმა და ქრისტინე პლეხანოვმა მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ინდივიდუალურ ჩათვლაში მთელი პოდიუმი ქართველებს დაეთმო: პირველი ადგილი პლეხანოვმა დაიკავა, მეორე ქარსაულიძემ, ხოლო მესამე მარკოზაშვილმა. გარდა ამისა, შერეულ წყვილებში გიორგი დელიბაშვილმა და ნინო მარკოზაშვილმა ვერცხლის მედალი აიღეს.
13-14 წლამდე ასაკი - სინქრონულ ხტომებში უმაღლესი სინჯის მედლები მარიამ გაბრიაძისა და ელენე კირთაძის დუეტმა მოიპოვა, ხოლო კირთაძემ ინდივიდუალურ ასპარეზობაში ვერცხლის მედალიც დაიმსახურა.
15-16 წლამდე ასაკი - გოგონათა შორის ინდივიდუალურ ხტომებში ოქროს მედლის მფლობელი ნინო ქორიძე გახდა, ბიჭების შორის კი ბრინჯაოს მედალი ლუკა ლომთათიძემ მოიპოვა.
17-21 წლამდე ასაკი - სინქრონულ ხტომებში მარიამ რაგიმოვასა და მაკუნა ბოჭორიძის წყვილმა პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო ბოჭორიძემ ინდივიდუალურ შეჯიბრში კიდევ ერთი ოქროს მედალი მიითვალა. ბიჭების ინდივიდუალურ ხტომებში ვერცხლის მედლით ცოტნე ჩხაიძე დაჯილდოვდა.