კონსტანტინე პეტრიაშვილმა ლას ვეგასში გამართულ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
18 წლის ქართველმა, რომელიც 97 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, 2026 წელს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მეოთხე მედალი დაისაკუთრა.
პეტრიაშვილი წელს 20-წლამდელებში ევროპის ჩემპიონი გახდა, მსოფლიო ჩემპიონატზე კი ბრინჯაოს დაეუფლა. 23-წლამდელთა შორის მან როგორც ევროპის, ისე მსოფლიოს პირველობა მესამე ადგილზე დაასრულა.
ლას ვეგასში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ჯამში სამი მედალი მოიპოვა. ალექსანდრე აბრამიშვილი (125 კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, პეტრიაშვილთან ერთად კი ბრინჯაოს მედალს სანდრო ყურაშვილიც (92 კგ) დაეუფლა.
სამი მედლით დაასრულა ტურნირი საქართველოს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ნაკრებმაც. კობა ქარუმიძემ (55 კგ) მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, თორნიკე მიქელაძემ (82 კგ) და ანრი ფუტკარაძემ (77 კგ) კი ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს.