ლას ვეგასში გამართულ 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 18 წლის კონსტანტინე პეტრიაშვილმა (97 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ფალავნისთვის ეს 2026 წელს მიღწეული რიგით მეოთხე ჯილდოა ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე.
სეზონის განმავლობაში პეტრიაშვილი 20-წლამდელებში ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, ხოლო 23-წლამდელთა შორის კონტინენტისა და მსოფლიო ჩემპიონატების მესამე პოზიცია დაიკავა.
ლას ვეგასის მსოფლიო პირველობაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ნაკრებმა სამი მედალი დაისაკუთრა: ალექსანდრე აბრამიშვილი (125 კგ) ვიცე-ჩემპიონი გახდა, ხოლო კონსტანტინე პეტრიაშვილმა (97 კგ) და სანდრო ყურაშვილმა (92 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
წარმატებით იასპარეზა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმაც, რომელმაც ასევე სამი მედალი (ერთი ოქრო და ორი ბრინჯაო) მოიტანა.