ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, იბერია 1999-მა სლოვაკეთის ჩემპიონ სლოვან ბრატისლავას უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.
მე-5 წუთზე, ვახო ბედოშვილმა გაიტანა გოლი, რომელიც, VAR-ის ჩარევის შემდეგ, რამდენიმე წამში გაუქმდა.
სლოვაკებმა პირველ ტაიმში ორი გოლი შეაგდეს და ორივე ჩაწოდების შემდეგ - ჯერ კუთხურიდან ანდრაჟ შპორარმა გამოიჩინა თავი (25-ე წთ.), რასაც მალევე (32-ე წთ.) იარაჯანი ალასანის ულამაზესი მაკრატელა მოჰყვა.
65-ე წუთზე, საქართველოს ჩემპიონმა კიდევ ერთხელ გაიტანა (გიორგი ქობულაძემ), თუმცა ამჯერადაც თამაშგარე მდგომარეობა დაინიშნა და გოლი გაუქმდა. ამ ეპიზოდშიც გამოჩნდა, რამდენად სინქრონულად თამაშობდნენ ხელოვნურ თამაშგარეებზე სლოვანის მცველები - ჯამში იბერიელები ოფსაიდში 3-ჯერ მოხვდნენ და მათგან 2 გოლის გაუქმების მიზეზი გახდა.
ზოგადად, იბერია მეორე ნახევარში ინიციატივას ფლობდა, რამდენიმე საგოლე შანსიც შექმნა, თუმცა ანგარიშის შეცვლა არ გამოუვიდა.
გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 29 ივლისს, ბრატისლავაში გაიმართება.