ავსტრალიის ღია პირველობის მონაწილეები 2026 წელს რეკორდული ოდენობის, 111.5 მილიონი ავსტრალიური დოლარის (74.9 მილიონი აშშ დოლარი) საპრიზო ფონდისთვის იბრძოლებენ, მას შემდეგ რაც Tennis Australia-მ საერთო საპრიზო თანხის 16%-იანი ზრდა გამოაცხადა.
ტურნირის გამარჯვებულები 4.15 მილიონ ავსტრალიურ დოლარს (2.79 მილიონი აშშ დოლარი) მიიღებენ, რაც 19%-ით მეტია შარშანდელ 3.5 მილიონ ავსტრალიურ დოლართან (2.35 მილიონი აშშ დოლარი) შედარებით.
მნიშვნელოვნად გაიზარდა ანაზღაურება ადრეულ ეტაპებზეც, პირველ რაუნდში დამარცხებული მოთამაშე რეკორდულ 150,000 ავსტრალიურ დოლარს (100,750 აშშ დოლარი) მიიღებს.
ეს ნიშნავს, რომ ვაილდქარდით მონაწილე მოთამაშეებს სეზონის დასაწყისშივე გარანტირებული ექნებათ სოლიდური შემოსავალი ტურზე.
კვალიფიკაციაშიც დაფიქსირდა ანაზღაურების ზრდა, სამივე საკვალიფიკაციო რაუნდიდან ნებისმიერ ეტაპზე გამოთიშვა 16%-ით მეტ ანაზღაურებას უზრუნველყოფს, წინა წელთან შედარებით.
შარშან ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი 96.5 მილიონ ავსტრალიურ დოლარს (64.81 მილიონი აშშ დოლარი) შეადგენდა.
განცხადებაში Tennis Australia-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, კრეიგ ტაილიმ აღნიშნა, რომ ზრდა ადასტურებს ტურნირის ერთგულებას არა მხოლოდ სუპერვარსკვლავების, არამედ იმ მოთამაშეების მიმართაც, რომლებიც კარიერის დასაწყისში არიან ან სეზონის განმავლობაში ფინანსურ სირთულეებს აწყდებიან.
მისი თქმით, საპრიზო ფონდი არის Tennis Australia-ის უფრო ფართო ვალდებულების ნაწილი, რომელიც ავსტრალიური ზაფხულის განმავლობაში სხვა ტურნირების დაფინანსებასაც მოიცავს.
ჯამში 135 მილიონი ავსტრალიური დოლარი (90.7 მილიონი აშშ დოლარი) იქნება „ინვესტირებული“ ავსტრალიის ტურნირების სერიაში, მათ შორის United Cup-ში და ATP/WTA 250 კატეგორიის ტურნირებში ბრიზბენში, ჰობარტსა და ადელაიდაში.
2026 წლის ავსტრალიის ღია პირველობის კვალიფიკაცია 12 იანვარს დაიწყება, ხოლო მთავარი ბადე სტარტს 18 იანვარს აიღებს და 1 თებერვალს დასრულდება.