ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში მიმდინარე სამბოს მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს, ქართველმა სპორტსმენებმა 3 მედალი მოიპოვეს - სამივე ბრინჯაო.
სპორტული სამბოს 58 კგ. წონით კატეგორიაში, ვახტანგ ჩიდრაშვილი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. მან მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მონღოლი ჩიმედორჯ ნარან-ერდენი დაამარცხა.
სპორტული სამბოს +80 კგ. წონით კატეგორიაში, ასევე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ელენე ქებაძე, რომელმაც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გერმანელ აილინ მილს მოუგო.
საბრძოლო სამბოს 88 კგ. წონით კატეგორიაში, გიორგი ეგნატაშვილმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ყაზახ ტანირბერგენ ტერგეუბეკოვს აჯობა და ტურნირზე ჩვენს ქვეყანას მე-3 ბრინჯაოს მედალი გაუფორმა.
მსოფლიო ჩემპიონატი 7-9 ნოემბერს იმართება. პლანეტის უძლიერესი სამბისტები ერთმანეთს სპორტულ სამბოში, საბრძოლო სამბოსა და პარა სამბოში უპირისპირდებიან.