გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, იულიან ნაგელსმანს, თანამდებობიდან საკუთარი ნებით გადადგომა შესთავაზეს. ამის შესახებ ინფორმაციას გავლენიანი გერმანული გამოცემა Bild ავრცელებს.
ფრანკფურტში, გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის შტაბ-ბინაში, მწვრთნელთან შეხვედრა გაიმართა, რომელიც 3 საათს გაგრძელდა. 38 წლის სპეციალისტს საშუალება მიეცა, მსოფლიო ჩემპიონატის 1/16 ფინალში პარაგვაისთან მარცხისა (1:1, პენალტებით 3:4) და ტურნირიდან გამოვარდნის ფონზე საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა.
ნაგელსმანს კითხვები დაუსვეს როგორც ტაქტიკურ გადაწყვეტილებებზე, ისე გუნდის შიგნით არსებულ „საოჯახო და მეგობრულ ატმოსფეროზე“. შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრების ლეგენდა ლოტარ მათეუსი მანამდე მწვავედ აკრიტიკებდა ტურნირზე ფეხბურთელების ოჯახის წევრების ყოფნის ფაქტს.
გერმანული ფეხბურთის ხელმძღვანელობამ მწვრთნელს შესთავაზა, განიხილოს ნებაყოფლობითი გადადგომის ვარიანტი, რათა სპეციალისტმა პოსტი „თავაწეულმა“ დატოვოს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ გადადგომის შემთხვევაში, გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია ნაგელსმანს კომპენსაციის სახით 7 მილიონ ევროს გადაუხდის. მისი ნაკრებიდან წასვლა უკვე „გადაწყვეტილ საქმედ“ მიიჩნევა და თუ ის თვითნებურად წასვლას იუარებს, ფედერაცია მისი გაშვების პროცედურას წამოიწყებს.
იულიანის მოქმედი კონტრაქტი 2028 წლამდეა გათვლილი, იგი გუნდს 2023 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობს.