ზუსტად 3 წელი გავიდა იმ სკანდალური მომენტიდან, რომელმაც მსოფლიო ფეხბურთში უდიდესი რეზონანსი გამოიწვია.
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს, ლუის რუბიალესს ისტორიული დისკვალიფიკაციის ვადა ეწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ნებისმიერ საფეხბურთო საქმიანობაში ჩართვის უფლება კვლავ ეძლევა.
სკანდალის მოკლე ისტორია
20 აგვისტოს ესპანეთი ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული გამარჯვების მესამე წლისთავს აღნიშნავს. თუმცა, რუბიალესის მმართველობის პერიოდში მიღწეული ეს ისტორიული წარმატება ჯენი ერმოსოსთან დაკავშირებულმა სკანდალურმა კოცნამ და პრეზიდენტის უხამსმა ჟესტებმა სრულად გადაფარა.
გამოცემა AS-ის ცნობით, ფიფას მიერ 2023 წლის 26 აგვისტოს დაწესებული 3-წლიანი დისკვალიფიკაცია მიმდინარე წლის 26 აგვისტოს ოფიციალურად იწურება. ამასთან, ესპანეთის სპორტის ადმინისტრაციულმა სასამართლომ (TAD) მას ეროვნულ ფედერაციაში რაიმე პოზიციის დაკავება 2026 წლის ნოემბრამდე აუკრძალა.
სასამართლოს გადაწყვეტილება და რუბიალესის პოზიცია
სისხლის სამართლის სასამართლომ დაადგინა, რომ კოცნა ორმხრივი თანხმობით არ მომხდარა. რუბიალესი სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნეს, თუმცა იძულების მუხლით გამართლდა. მას 10 800 ევროს ოდენობის ჯარიმა და დაზარალებულისთვის 3 000 ევროს გადახდა დაეკისრა.
დისკვალიფიკაციის პერიოდში ექს-პრეზიდენტმა წიგნიც გამოსცა, სახელწოდებით „მოკალით რუბიალესი“, სადაც საკუთარ პოზიციას იცავს.
ბოლოდროინდელ ინტერვიუებში რუბიალესი ხაზს უსვამს, რომ ამჟამად მისი მთავარი მიზანი მუშაობა და ფულის შოვნაა. ის ჯერჯერობით ფეხბურთში დაბრუნებას არ აპირებს, თუმცა იურიდიულად ეს კარი მისთვის უკვე ღიაა. გადაწყვეტილება კი მხოლოდ მის ხელშია.