მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ფეხბურთელად აღიარებულმა ანა მარია მარკოვიჩმა ამერიკული ბრუკლინი დატოვა და კარიერის გასაგრძელებლად სამშობლოში, ხორვატიაში დაბრუნდა.
26 წლის შემტევმა კონტრაქტი ჰაიდუკთან გააფორმა. ეს გადაწყვეტილება მისთვის განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა, რადგან დედამისის ოჯახი სწორედ ამ ქალაქიდანაა.
"ჩემი ოცნება ახდა", - განაცხადა ფეხბურთელმა გუნდში ოფიციალურად წარდგენისას.
მიუხედავად იმისა, რომ მარკოვიჩს სოციალურ ქსელებში მილიონობით გამომწერი ჰყავს და უდიდესი პოპულარობით სარგებლობს, მისი საფეხბურთო კარიერა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. შვეიცარიასა და პორტუგალიაში თამაშის შემდეგ, 2023 წელს მან მუხლის უმძიმესი ტრავმა მიიღო. ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პროცესის მიუხედავად, მან გულშემატკივრებთან კონტაქტი არ გაწყვიტა, აქტიურობას აგრძელებდა და ქალთა ფეხბურთში ერთ-ერთ ყველაზე ცნობად ფიგურად იქცა.
ახალ კლუბში ანა მარია 23-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. მისი ტრანსფერი ხორვატული ქალთა ფეხბურთისთვის უდიდესი მოვლენაა, რადგან მარკოვიჩის პოპულარობა ჰაიდუკის მიმართ უამრავი ადამიანის ყურადღებას მიიპყრობს. ახლა ფეხბურთელის მთავარი მიზანია, მოედანზე ძველი ფორმა დაიბრუნოს და დაამტკიცოს, რომ მისი პოპულარობა მხოლოდ სოციალურ ქსელებსა და ვიზუალს არ უკავშირდება.
