დინამო თბილისის მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ, ჟალგირის ვილნიუსთან საპასუხო მატჩის წინ, პრესკონფერენციაზე შეფასებები გააკეთა.
"თბილისის დინამო დიდი გუნდია, რომელსაც ევროტურნირი აქვს მოგებული და მის მიმართ განსაკუთრებული ყურადღებაა. მნიშვნელოვანია, რომ მის რიგებში თავის გამოჩენისა და განვითარების საშუალება ახალგაზრდა ფეხბურთელებს მივცეთ.
არ აქვს მნიშვნელობა, პირველი თამაში რა ანგარიშით დამთავრდა. კარგად ვითამაშეთ, კარგ შედეგსაც მივაღწიეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ წყვილში რამე გაირკვა და სერიოზული მიდგომაა საჭირო.
უნდა ვეცადოთ, რომ ეს თამაშიც მოვიგოთ. გვესმის, რომ ეს მარტივი არ იქნება - სავსე სტადიონი, ხელოვნური საფარი, რომელიც დაბრკოლებებს შეგვიქმნის, მაგრამ მჯერა, რომ ჩვენი გუნდი მზადაა, ეს თამაში სათანადოდ კარგად ჩავატაროთ იმისთვის, რათა შემდეგ ეტაპზე გავიდეთ", - აღნიშნა ქეცბაიამ.
თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, დინამოელებმა ჟალგირისი 3:0 დაამარცხეს - გოლები კურდიჩის, ლეო სანტოსისა და უგრეხელიძის ანგარიშზეა.
ჟალგირის ვილნიუსისა და დინამო თბილისის მატჩი 21:00 საათიდან (საქართველოს დროით), 5000-იან LFF Stadionas-ზე ჩატარდება. არბიტრი ჩრდილოეთ მაკედონიელი ვლატკო ილიოსკია.
წყვილში გამარჯვებული შემდეგ ეტაპზე ხორვატულ ჰაიდუკ სპლიტს ან კვიპროსულ პაფოსს შეხვდება. ხორვატებმა შინ 2:0 მოიგეს და დღეს კვიპროსზე ითამაშებენ.