საქართველოს 19-წლამდე მოკრივეთა ნაკრები ჩეხეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობს. ტურნირის მე-3 დღეს თავიანთი ბრძოლები 4-ვე ქართველმა მოიგო.
60 კგ. წონითი კატეგორიის 1/8 ფინალში, ლუკა ჩხიკვაძემ ჩეხი თომას ონდეჯი დაამარცხა და შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა.
65 კგ. წონითი კატეგორიის 1/8 ფინალში წარმატებული გამოსვლა ჰქონდა ზუკა ჭოჭუას, რომელმაც ისრაელელ აბდალაჰ რაჰალის აჯობა.
70 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს წარმოადგენს აკაკი ბასარია, რომელმაც 1/8 ფინალში აზერბაიჯანელი რზა რზაიევი დაამარცხა.
75 კგ. წონითი კატეგორიის 1/8 ფინალურ ეტაპზე რუმინელი ვალენტინ ტიმოფტის წინააღმდეგობა დასძლია ელნურ აბდულაევმა და 1/4 ფინალში ჩხუბის უფლება მიიღო.
ჩამოთვლილი ოთხეულის გარდა, საქართველოს სახელით 1/4 ფინალში იჩხუბებს ანა ხვედელიძე (65 კგ.), რომელიც ტურნირში პირდაპირ ამ ეტაპიდან ჩაერთვება.
3 ოქტომბერს რინგზე, 1/4 ფინალის საგზურის მოსაპოვებლად, კიდევ ორი ქართველი გავა - დავით მხეცაძე (80 კგ.) და ზურაბ ობოლაძე (85 კგ.).
შეჯიბრება ქალაქ ოსტრავაში მიმდინარეობს და 9 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ფოტო: საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია