-
Aa
+
ფონტის ზომა
რამდენიმე წამყვანი ცენტრალური მცველი უკვე აქტიურად განიხილება სხვადასხვა კლუბის სამიზნედ. გთავაზობთ ხუთ მცველს, რომელთა ტრანსფერებიც, სავარაუდოდ, მთავარი სპორტული გამოცემების პირველ გვერდებს დაიკავებს.
ინტერი ზაფხულში სერიოზულ გაყიდვებს გეგმავს, რათა კრისტიან კივუს ხელში გუნდის რესტრუქტურიზაციისთვის საჭირო თანხები მოიძიოს. ინტერესის ცენტრში ალესანდრო ბასტონი მოექცა, რომელიც ბარსელონასთვის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. 27 წლის იტალიელმა სერია ა-ში საუკეთესო მცველის რეპუტაცია უკვე დაიმკვიდრა, მის ანგარიშზე ორი სკუდეტო და ბოლო ორი სეზონის საუკეთესო მცველის ტიტულია. ბასტონი ბუნებრივი მემარცხენეა, რაც მას ბაზარზე კიდევ უფრო დეფიციტურს ხდის. ბარსელონას სურს, რომ ის პაუ კუბარსის შეუწყვილოს, თუმცა კატალონიელებს კონკურენცია ნამდვილად არ დააკლდებათ.
მოსალოდნელია, რომ კრისტიან რომერო ტოტენჰემს ზაფხულში დატოვებს, მიუხედავად იმისა, შეინარჩუნებს თუ არა ლონდონური კლუბი ადგილს პრემიერ ლიგაში. ზედიზედ მეორე სეზონია, რაც ტოტენჰემი გადარჩენისთვის იბრძვის, რამაც არგენტინელი დაარწმუნა, რომ მისი მომავალი სხვაგანაა. გუნდის კაპიტანმა ბოლო თვეებში კლუბის ხელმძღვანელობაც გააკრიტიკა და იანვარში განხორციელებულ ინვესტიციებს "სამარცხვინო" უწოდა. რომეროს პრიორიტეტი ლა ლიგაა, მის მიმართ ინტერესს კი მადრიდის რეალი, ატლეტიკო და ბარსელონა იჩენენ.
დღითიდღე იზრდება იმის შანსი, რომ იბრაჰიმა კონატემ ლივერპული დატოვოს. ფრანგი მცველის კონტრაქტი ივლისში იწურება და ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე სიახლეები ჯერჯერობით არ ჩანს. სიტუაციას მადრიდის რეალი და პარი სენ ჟერმენი აკვირდებიან. მადრიდელებს სურთ, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის შემდეგ, მერსისაიდელებს კიდევ ერთი წამყვანი მოთამაშე უფასოდ წაართვან. ლივერპულის ფანებისთვის კიდევ ერთი ვარსკვლავის ასე მარტივად დაკარგვა დიდი დარტყმა იქნება.
ლაიფციგი ევროპულ გრანდებს ტალანტებით რეგულარულად ამარაგებს, ამჯერად კი ყურადღების ცენტრში კასტელო ლუკებაა. ფრანგი მცველით არსენალი, ლივერპული და მანჩესტერ იუნაიტედი ინტერესდებიან. ლუკებას კონტრაქტში 80-მილიონიანი გამოსასყიდი პუნქტი აქვს, თუმცა გერმანელები მოლაპარაკებებისთვის მზად არიან. 23 წლის ფეხბურთელი გრძნობს, რომ დროა კარიერაში შემდეგი ნაბიჯი გადადგას, რათა საფრანგეთის ნაკრებში ადგილი დაიმკვიდროს.
ნოტინგემ ფორესტს მურილოს შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება, მაშინაც კი, თუ გუნდი პრემიერ ლიგაში დარჩება. ბრაზილიელი მცველით, რომელმაც გასულ სეზონში მოგერიებული ბურთების რაოდენობით ლიგაში საუკეთესო შედეგი აჩვენა, ჩელსი და ლივერპული არიან დაინტერესებულნი. მურილო თავისი დამაჯერებელი თამაშითა და ბრწყინვალე პასებით ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მცველად იქცა.

თამარ თაბუკაშვილი
კომენტარები