ბრიტანული The Telegraph-ის ცნობით, ტოტენჰემი კლუბის დაქვეითებისგან გადასარჩენად შონ დაიჩის მოწვევას განიხილავს.
ეს კი იმ შემთხვევაში თუ პირველი არჩევანი, რობერტო დე ძერბი, კვლავაც დაჟინებით მოითხოვს, რომ სამუშაოს მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ მიიღებს.
კლუბი იგორ ტუდორის პოზიციაზე, რომელმაც პრემიერ ლიგის 6 მატჩში მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა, ალტერნატივებს განიხილავს, დროებითი მწვრთნელობისთვის.
სანამ ტოტენჰემი პრემიერ ლიგაში თავის შემდეგ მატჩს ითამაშებს, სანდერლენდის წინააღმდეგ 12 აპრილს, ისინი შეიძლება 7 ტურით ადრე დაქვეითების ზონაში აღმოჩნდნენ, რაც დამოკიდებულია ვესტ ჰემისა და ვულვერჰემპტონის მატჩის შედეგზე, რომელიც 2 დღით ადრე გაიმართება.
ტუდორის მომავალზე გადაწყვეტილება ორშაბათს არის მოსალოდნელი. მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა მამის, მარიო ტუდორის გარდაცვალების გამო, რომლის დაკრძალვაც ამ კვირაში გაიმართება.
როგორც Telegraph Sport იუწყება, დე ძერბი კლუბის მფლობელების მთავარი არჩევანია. იტალიელი სპეციალისტი, რომელმაც გასულ თვეში მარსელი დატოვა, არ არის მზად დაუყოვნებლივ ჩაიბაროს გუნდი, რომელიც დაქვეითების კრიზისშია. იგი განიხილავს ამ პოზიციას ზაფხულში, იმ შემთხვევაში თუ კლუბი პრემიერ ლიგაში დარჩება.
ტოტენჰემის მთავარი პრობლემა ის არის, რომ მათ სჭირდებათ ადამიანი, რომელიც მზად იქნება ტრავმებით დასუსტებული გუნდის ჩასაბარებლად და დაქვეითების თავიდან ასაცილებლად. დაიჩი ამ მხრივ გამოცდილია, თუმცა სავარაუდოა, რომ ისიც არ დათანხმდება მხოლოდ 7 მატჩზე გათვლილ კონტრაქტს.
კლუბში ამ კვირაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ, მოსალოდნელია ახალი სპორტული დირექტორის დანიშვნა, კანდიდატებს შორის არის გერმანელი სებასტიან კელი. ასევე განხილვაშია ჩელსის დირექტორი პოლ უინსტენლი.
დაიჩი ნოტინგემ ფორესტიდან 12 თებერვალს, ტოტენჰემის მიერ ტუდორის დანიშვნამდე ერთი დღით ადრე, გაათავისუფლეს. მანამდე იგი ორი წელი მუშაობდა ევერტონში და 2-ჯერ გადაარჩინა გუნდი დაქვეითებისგან.