ბარსელონა მარკუს რეშფორდის ალტერნატივებზე ფიქრობს, რადგან სეზონის ბოლოს ინგლისელის მანჩესტერ იუნაიტედიდან წამოსვლა სულ უფრო ნაკლებად სავარაუდოა.
კატალონიელებს რაფინიას გვერდით ახალგაზრდა შემტევის ხილვა სურთ და ამ პოზიციაზე ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად იან ვირხილი განიხილება.
თუმცა, ვირხილის გარდა, ბარსელონას სიაში ოსასუნას 22 წლის გარემარბი, ვიქტორ მუნიოსიც ფიგურირებს. მუნიოსი, რომელიც გასულ ზაფხულს ნამდვილ აღმოჩენად იქცა. მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა, რის გამოც ესპანეთის ნაკრებში პირველი გამოძახებაც დაიმსახურა.
კატალონიურ კლუბს მუნიოსზე ბრწყინვალე დახასიათება აქვს, თუმცა ხელმძღვანელობა აცნობიერებს, რომ მისი ტრანსფერი ზაფხულში ძალიან რთული იქნება. ოსასუნა ფეხბურთელს მხოლოდ გამოსასყიდი პუნქტის, 40 მილიონი ევროს გადახდის შემთხვევაში შეელევა. თუნდაც ბარსელონამ ეს თანხა გადაიხადოს (რაც ნაკლებად მოსალოდნელია), გარიგებას შესაძლოა რეალ მადრიდმა შეუშალოს ხელი.
რეალის ბერკეტები მუნიოსის ტრანსფერზე
ოსასუნას სპორტულმა დირექტორმა, ბრაულიო ვასკესმა დაადასტურა, რომ მადრიდელებს ფეხბურთელზე გამოსყიდვის უფლება აქვთ, რაც მის საბაზრო ფასზე ბევრად დაბალია. იმ შემთხვევაში, თუ ბარსელონა ოფიციალურ ნაბიჯებს გადადგამს, მოსალოდნელია, რომ რეალ მადრიდი თავის უპირატესობას გამოიყენებს და ფეხბურთელს ბერნაბეუზე დააბრუნებს, მით უმეტეს, რომ პამპლონაში მისი თამაშით მადრიდშიც მოხიბლულები არიან.
ამის გათვალისწინებით, ჰანსი ფლიკის გუნდისთვის მუნიოსის გაფორმება თითქმის შეუძლებელი ჩანს. რეალს არ სურს, რომ მათი აკადემიის აღზრდილი ტალანტი მოსისხლე მტრის ბანაკში აღმოჩნდეს და მასზე კონტროლი დაკარგონ.
ბარსელონა შესაძლოა მაინც შეეცადოს ფეხბურთელთან მოლაპარაბებას, თუმცა დიდი შანსია, კლუბმა მალე სხვა, უფრო რეალურ ვარიანტებზე გადაიტანოს ყურადღება.