-
Aa
+
ფონტის ზომა
გულშემატკივარი ფეხბურთის მაცოცხლებელი ნაწილია - რთულია მათ გარეშე ჩვენი საყვარელი თამაშის წარმოდგენა, ამის ნათლად დასანახად ავადსახსენებელი პანდემიის პერიოდიც დაგვეხმარა. როგორც ყველა დიდ ფორუმზე, გულშემატკივარს მუნდიალზეც უდიდესი როლი აკისრია - დღევანდელ ბლოგში მსოფლიო თასების ისტორიაში გამორჩეულ გულშემატკივრებს გავიხსენებთ.
El Cole
კოლუმბიის სიმბოლოს, ფერადი ანდური კონდორის ფორმაში გამოწყობილი გუსტავო ლიანოსი, მეტსახელით El Cole 1990 წლის მუნდიალიდან ლოს კაფატეროსის ერთგული გულშემატკივარი და თილისმაა. ყვითელ, წითელ და ლურჯ ფერებში გაწყობილი უდიდეს ფრთიანი კოსტუმი და გიჟური ვარცხნილობა გუსტავოს განუყრელი ნაწილია. El Cole უკვე არაერთი ათწლეულია იქაა სადაც კოლუმბიელები თამაშობენ - გამონაკლისი არც წლევანდელი მუნდიალია.
ხედვა ნიშნავს შორს ყურებას, საზღვრების გადალახვას... ამ შემთხვევაში კი ჩვენი ნაკრების ფინალში ხილვას. მე კოლუმბიის ნაკრების მჯერა.
Manolo el del Bombo
Bombo ანუ დიდი დასარტყამი ინსტრუმენტი, ფურია როხას წითელი, 12-ნომრიანი მაისური და ბასკური ბერეტი - ეს ესპანეთის ნაკრების თილისმად ქცეული მანუელ კასერეს არტესეროს ლეგენდარული აღჭურვილობაა. ფურია როხას არაოფიციალურ ჰიმნად ქცეული გამუდმებული დოლის ხმა 1979 წლიდან დაჰყვებოდა ესპანეთის ეროვნულ გუნდს. მანოლოსა და მუნდიალების ისტორია კი 1982 წელს, ესპანეთში გამართული მსოფლიო თასით დაიწყო, სადაც არტესერომ დასარტყამ ინსტრუმენტთან ერთად ავტოსტოპით 15 800 კილომეტრი გაიარა და ფურია როხას ყველა თამაშს დაესწრო. ამით მანოლოს სურდა ეჩვენებინა, რომ მისი მგზავრობის ხარჯებს არავინ აფინანსებდა.
ფეხბურთისთვის ყველაფერი დავთმე — ჩემი ბიზნესები და საერთოდ ყველაფერი, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ. ბედნიერი ვარ, რადგან სადაც არ უნდა წავიდე, ესპანეთის ნაკრებს ყველგან მივყვები. კიდევ რა უნდა ვინატრო?
რუსეთის 2018 წლის მუნდიალზე მანოლოს დასარტყამი ინსტრუმენტის შეტანის უფლება არ მისცეს - ამის შემდეგ მან დრამთან ერთად მოგზაურობა შეწყვიტა. მანოლო 2025 წელს, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა
El Tula
კარლოს პასკუალი, იგივე ელ ტულა შეგვიძლია არგენტინალ მანოლოდ შევრაცხოთ, თუმცა კარლოსის მუნდიალის თავგადასავალი ესპანელზე ადრე, 1974 წლის მუნდიალზე იწყება. როსარიოს მუშათა კლასის უბანში დაბადებული ბიჭი დასარტყამი ინსტრუმენტით ცამეტი მსოფლიო თასის განმავლობაში იყო არგენტინის პოპკულტურისა და გულშემატკივრობის განუყოფელი ნაწილი - ტულა ყოველთვის იქ იყო სადაც ალბისელესტე თამაშობდა და თავის დოლზე არგენტინელთა საყვარელ მელოდიებს ასრულებდა.
მე მუნდიალის ისტორიის ნაწილი ვარ
ტულას თქმით საკულტო ინსტრუმენტი მას თვით ხუან დომინგო პერონმა აჩუქა, როდესაც 1971 წელს, ესპანეთში, ემიგრაციაში მყოფი სამხედრო ლიდერი მოინახულა. არგენტინელთა 2022 წლის ტრიუმფის შემდეგ, სწორედ კარლოსმა ჩაიბარა FIFA-ს გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ჯილდო პარიზში გამართულ THE BEST-ის დაჯილდოვებაზე. ელ ტულა 2024 წელს 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.
Gaucho da copa
კლოვის აკოსტა ფერნანდესი ანუ მსოფლიო ჩემპიონატის გაუჩო პორტო ალეგრელი ბიზნესმენი და ბრაზილიის ნაკრების სიმბოლოდ ქცეული გულშემატკივარი იყო. 30 ქვეყანა და სელესაოს 150 მატჩი - თასის გაუჩოს ლეგენდა 1990 წლის მუნდიალიდან იღებს სათავეს. გაუჩოს ტრადიციული ქუდი, დიდი ულვაში და მუნდიალის თასი - ეს კლოვის ფერნანდესის საკულტო ატრიბუტიკაა, რომელიც მას შვიდი მსოფლიო თასის განმავლობაში თან დასდევდა. თასის გაუჩო მსოფლიოს ყურადღების ცენტრში 2014 წლის ბრაზილიის მუნდიალზე მოექცა - განსაკუთრებით ემოციური გერმანიასთან განადგურების შემდეგ გადაღებული კადრები იყო, სადაც ცრემლიანი ფერნანდესი საკულტო თასს გულში იხუტებდა.
ეს გუნდი ჩემთვის ოჯახივითაა
კლოვის აკოსტა ფერნანდესი 2015 წელს თირკმლის კიბოთი, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა - მის ტრადიციას კი დღემდე მისი შვილები აგრძელებენ.
Lumumba Vea
მიშელ ნკუკა მბოლადინგა, იგივე ლუმუმბა ვეა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ყოფილი ლიდერისა და რევოლუციონერის, პატრის ლუმუმბას ენთუზიასტი გულშემატკივარია. გულშემატკივრობის მისი ცნობილი მანერა სწორედ კონგოელი პოლიტიკოსის ქანდაკებისგანაა ინსპირირებული - მიშელის მეტსახელიც სწორედ ადამიანი ქანდაკებაა. 49 წლის მბოლადინგამ ტრიბუნაზე დგომა 2013 წლიდან დაიწყო, ხოლო მსოფლიოს ყურადღება 2025 წლის აფრიკის თასის მიმდინარეობის დროს მიიღო. გულშემატკივრების დიდი ნაწილი მუნდიალზე კონგოს გამოჩენას სწორედ ადამიანი ქანდაკების გამო ელოდა, სასაზღვრო კარანტინის გამო ლუმუმბას შტატებში ჩასვლა დააგვაინდა. პორტუგალიასთან გამოტოვებული მატჩის შემდეგ, კონგოელებს თავიანთი სიმბოლო კოლუმბიასთან მატჩი დაუბრუნდათ - ტრადიციისამებრ, კონგოს დროშის ფერებში გამოწყობილი მიშელი 90 წუთის განმავლობაში გაუნძრევლად იდგა კონგოლეთა ტრიბუნის კიდეზე.
მე ვდგავარ გაუნძრევლად, რადგან მჯერა, რომ ეს გუნდს ემოციურ გამძლეობას აძლევს
Caramelo
მე ჰექტორ ჩავესი ვარ, იგივე კარამელო - მექსიკის ეროვნული ნაკრების გულშემატკივარი 1986 წლიდან
დიდ სომბრეროიანი, მექსიკის ფერებში მორთული ულვაშიანი კარამელო უკვე მე-11 მუნდიალია ელ ტრის ერთგული მეგზურია. ჩავესის სამუნდიალე თავგადასავალი სამშობლოში გამართული 1986 წლის მსოფლიო თასიდან იწყება, ხოლო ჩეხეთის წინააღმდეგ გამართული ჯგუფური ეტაპის მესამე დაპირისპირება, მისი თქმით, ელ ტრის რიგით 544-ე მატჩი იყო, რომელსაც კარამელო დაესწრო. 40 წლის მანძილზე ჰექტორმა დიდი პოპულარობა მოიპოვა, თუმცა სიყვარული ერთადერთი რამ არ არის, რასაც ის მექსიკელებისგან იღებს - ზოგი თვლის რომ, კარამელო მხოლოდ თავის პოპულარიზაციაზე ზრუნავს და ნაკრების ბედი ნაკლებად ანაღვლებს.

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები

