13-15 ნოემბერს ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ძიუდოში მორიგ პრესტიჟულ გრან პრის უმასპინძლებს.
ტურნირზე ტრადიციულად გამოვა საქართველოს ეროვნული ნაკრებიც, რომლის სამწვრთნელო შტაბმაც მომავალი შეჯიბრებისთვის 7-კაციანი შემადგენლობა შეარჩია.
ქართველი გულშემატკივარი ტატამიზე შემდეგ სპორტსმენებს იხილავს:
66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მედლებისთვის ლაშა ნადირაძე იბრძოლებს, 73 კილოგრამში კი გიორგი ლოლაძე.
81 კგ-ში ერთბაშად ორი წარმომადგენელი გვეყოლება ზაურ დვალაშვილისა და გიორგი შერაზადიშვილის სახით.
90 კგ-ს ლუკა ჯავახიშვილი წარმოადგენს. ასევე ორი ძიუდოისტი გამოვა მძიმე წონაში (+100 კგ) - თორნიკე ფოლადიშვილი და საბა ინანეიშვილი.
საინტერესოა, რომ შარშანდელ ზაგრების გრან პრიზე ჩვენი გუნდი ოდნავ უფრო ფართო შემადგენლობით, 9 ძიუდოისტით იყო წარმოდგენილი. მაშინ ტურნირზე ქართველთა შორის საუკეთესო შედეგი მსოფლიოს ჩემპიონმა ლუკა მაისურაძემ (90 კგ) აჩვენა, რომელმაც ფინალამდე მიაღწია და გადამწყვეტ ბრძოლაში ბულგარელ ივაილო ივანოვთან მარცხის შემდეგ ვერცხლის მედალს დასჯერდა. ამას გარდა, კვარცხლბეკზე ავიდა საბა ინანეიშვილიც, რომელმაც შარშანდელი ტურნირი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ახლა კი ახალი შემადგენლობის ჯერია, დაამტკიცოს თავისი სიძლიერე საერთაშორისო არენაზე.