ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს გრან პრიზე საქართველოს ეროვნული ჰიმნი აჟღერდა!
73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი ლოლაძემ ტურნირზე უმაღლესი სინჯის, ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალურ დაპირისპირებაში მან ირლანდიელი ჯოშუა გრინი დამატებით დროში, იუკოთი დაამარცხა და დამსახურებული ჩემპიონის ტიტულიც დაისაკუთრა.
ქართველი ძიუდოისტის გზა ოქროს მედლამდე საკმაოდ რთული და შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ასპარეზობა მან ლატვიელი ანტონიო დე ანჯელისის იპონით დამარცხებით დაიწყო, რასაც ბრაზილიელი ჯეფერსონ სანტოს ჟუნიორისა და ისრაელის წარმომადგენელ იონათან ელბაზის იუკოთი ჩამოშორება მოჰყვა. მეოთხედფინალში გიორგიმ კანადელ ჯასტინ ლემირს იპონით აჯობა, ხოლო ნახევარფინალში კოსოვოელ აკილ ჯაკოვას ასევე სუფთა გამარჯვებით მოუგო.
აღსანიშნავია, რომ ხორვატიაში მიმდინარე საერთაშორისო შეჯიბრებაზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ძირითადად ახალგაზრდული შემადგენლობით ასპარეზობს. მიუხედავად ამისა, ლოლაძის ტრიუმფმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გუნდში დიდი პოტენციალია და ახალი თაობა უმაღლეს დონეზე საჭიდაოდ სრულად მზადაა.
ზაგრების გრან პრის დასკვნითი, ბოლო საშეჯიბრო დღე 15 ნოემბერს გაიმართება, სადაც ტატამიზე კიდევ სამ ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ. საქართველოს სახელით ტურნირზე გამოვლენ: ლუკა ჯავახიშვილი (90 კგ), თორნიკე ფოლადიშვილი (100 კგ) და საბა ინანეიშვილი (+100 კგ).