-
Aa
+
ფონტის ზომა
სტივ ბრიუსი
მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარულ კაპიტანს, 400-ზე მეტი მატჩის ჩამტარებელსა და 50 გოლზე მეტის გამტან ცენტრალურ მცველს, სტივ ბრიუსს ინგლისის ნაკრებში არასდროს უთამაშია. ბრიუსმა ინგლისის უმაღლეს ლიგაში 13 სეზონი გაატარა და უამრავ ტიტულთან ერთად სამჯერ პრემიერ ლიგის თასიც აღმართა, თუმცა სამი ლომის კარი მისთვის არასდროს გაღებულა.
მაურო იკარდი
მაურო იკარდი ნამდვილად ამ თაობის ერთ-ერთი გამორჩეული ფორვარდია - ინტერის ყოფილმა კაპიტანმა შავ-ლურჯი მაისურით 219 მატჩში 129 გოლი გაიტანა და ორჯერ გახდა სერია ა-ს საუკეთესო გამტანი, ხოლო სტამბოლში 134 მატჩში 77 გოლსა და 25 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი. მაურო არც პსჟ-სა და სამპდორიაში ყოფილა დაბალშედეგიანი - ჯამში 280 გოლისა და 68 საგოლე გადაცემის ავტორს არგენტინის ნაკრების მაისურით სულ 8 მატჩი აქვს გამართული. ამის მიზეზად ბევრი იკარდის სკანდალურ პირად ცხოვრებას მიიჩნევს.
მიკელ არტეტა
არსენალის თავკაცი ბოლო წლების ბრიტანული ფეხბურთის არა მარტო გამორჩეული მწვრთნელი, არამედ გამორჩეული ნახევარმცველიცაა. ესპანეთში დაწყებული კარიერა მიკელმა პარიზში გააგრძელა, შემდეგ კი კუნძულზე გადაბარგდა - ახალგაზრდულ ასაკში რეინჯერსის ერთ-ერთ ქარიზმატულ ლიდერად ჩამოყალიბდა, კარიერის საუკეთესო წლები კი ევერტონსა და არსენალში გაატარა. მართალია, რომ ამ პერიოდში ფურია როხა მსოფლიო დონის ნახევარმცველების ნაკლებობას არ განიცდიდა, თუმცა არტეტას წითელი მაისურით გამართული 0 მატჩი მაინც საკვირველი ფაქტია.
გიორგი არაბიძე
ფეხბურთელი, რომელიც ქართულმა აუდიტორიამ დონეცკის შახტარის ახალგაზრდულ გუნდში მოთამაშე “ქართველი მესის” სახელით გაიცნო და მალევე შეიყვარა. არაბიძის დებიუტი საქართველოს ნაკრებში 19 წლის ასაკში, ვლადიმერ ვაისის მწვრთნელობისას შედგა და მალევე დასრულდა. 4 მატჩი და 3 გატანილი გოლი - ესაა ბოლო წლების ეროვნული ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის სანაკრებო სტატისტიკა. ვლადიმერ ვაისთან მომხდარი კონფლიქტის შემდეგ არაბიძისთვის ეროვნული გუნდის კარი ჯერჯერობით დახურულია.
ჯეიმი ვარდი
21-ე საუკუნის პრემიერ ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, ლესტერ სიტის ლეგენდა და ერთ-ერთი ყველაზე საოცარი საფეხბურთო ისტორიის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი. მელიების მაისურით ჩატარებული 500 მატჩი, 200 გოლი და 71 საგოლე გადაცემა, სხვადასხვა წლებში პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო ბომბარდირი. 2016 წლის ინგლისის საუკეთესო მოთამაშე. ზემოთ ხსენებული ფეხბურთელებისგან განსხვავებით, ვარდის ნაკრებში 26 მატჩი უგროვდება, თუმცა თანამედროვე ფეხბურთში მისი კლასის მოთამშისთვის ეს ციფრი ძალიან მცირია - ჯეიმი ვერასდროს გახდა სამი ლომის მთავარი ფორვარდი - ამის მიზეზი კი რა თქმა უნდა, ჰარი კეინი იყო. 2018 წლის მუნდიალის შემდეგ ჯეიმი ვარდიმ სანაკრებო ფეხბურთიდან წასვლის გადაწყვეტილება გამოაცხადა.
ომარ სივორი
არგენტინული და იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ, ომარ სივორიმ კარიერის მანძილზე ეროვნულ გუნდში მხოლოდ 28-ჯერ ითამაშა - 19-ჯერ არგენტინის მაისურით, ხოლო 9-ჯერ იტალიის. 1957 წელს ტურინის იუვენტუსმა რივერ პლეიტს სივორის სანაცვლოდ 10 მილიონი პესო, დაახლოებით 100 ათასი ევრო გადაუხადა - რითაც ბუენოს აირესულმა კლუბმა ლეგენდარული მონუმენტალის მშენებლობა დაასრულა. გაიტალიელებულმა არგენტინელმა ფიფას ახალ რეგულაციამდე, რომელიც კარიერის მანძილზე ორ სხვადასხვა ნაკრებში თამაშს კრძალავდა, ლურჯი მაისურით მხოლოდ 9 მატჩის ჩატარება მოასწრო.
პაოლო დი კანიო
კიდევ ერთი საინტერესო ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ გუნდში არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია, ვესტ ჰემისა და ლაციოს ლეგენდა პაოლო დი კანიოა. იტალიელის ეროვნულ ნაკრებში არ გამოძახებას რამდენიმე მიზეზთა ერთობლიობა განმარტავს - პირველ რიგში ეს მის პოზიციაზე მსოფლიო დონის შემტევების მრავალფეროვნებაა იყო. რობერტო ბაჯო, ალესანდრო დელ პიერო, ფრანჩესკო ტოტი, კრისტიან ვიერი, ფილიპო ინძაგი, ჯანფრანკო ძოლა, ჯანლუკა ვიალი და სხვები. ასევე იმ პერიოდში აძურის მწვრთნელებისგან მეტი ნდობით სერია ა-ში მოთამაშე ფეხბურთელები სარგებლობდნენ, ყველაფერს კი პაოლოს აშკარა მემარჯვენე თუ ფაშისტური შეხედულებები და მოედანზე თუ მის მიღმა მომხდარი ინციდენტები ართულებდა.
მეთიუ ლე ტისიე
პრემიერ ლიგის კიდევ ერთი საკულტო ფეხბურთელი, “უანქლაბმენი” (ფეხბურთელი, რომელსაც მთელი კარიერა ერთი გუნდის მაისურით აქვს გატარებული) და უბრალოდ საოცარი გამტანი მეთიუ ლე ტესიე. საუთჰემპტონისა და ინგლისური ფეხბურთის ლეგენდამ უმაღლეს დივიზიონში 520 შეხვედრა ჩაატარა და თავი 195 გოლსა და 75 საგოლე გადაცემას მოუყარა - გაიტანა ფენომენალური გოლები გულშემატკივრების საყვარელ მოთამაშედაც იქცა. ამ ყველაფრის მიუხედავად, მეთიუმ სამი ლომის მაისურით მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა - ამის მიზეზად ტაქტიკური შეუსაბამობა, მისი შრომის ხარისხის ირგვლივ არსებული კითხვები და მწვავე კონკურენცია სახელდება.
დიეგო მილიტო
კიდევ ერთი ინტერის არგენტინელი ფორვარდი - ამჯერად 2010 წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, უეფას წლის საუკეთესო ფეხბურთელი და ფინალში დუბლის ავტორი დიეგო მილიტო. სხვადასხვა წლებში სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელმა კარიერა რასინგში დაიწყო, ჯენოასა და სარაგოსაში თამაშის შემდეგ კი მილანში დაფუძნდა - არგენტინელმა ინტერში 171 თამაშში 75 გოლი გაიტანა და 28 საგოლე გადაცემაც შეასრულა. სოლიდური საკლუბო კარიერის მიუხედავად, დიეგომ ალბისელესტში სულ 25 მატჩი ჩაატარა - 2010 წლის მუნდიალზე კი ევროპის საუკეთესო ფორვარდმა მოედანზე სულ 90 წუთი გაატარა.

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები