ჩელსი დღევანდელ მატჩს მანჩესტერ სიტისთან ძალიან მძიმე სტატისტიკით ხვდება.
ლონდონელებს ეშინიათ, რომ გაიმეორებენ 90-იანი წლების კატასტროფულ მაჩვენებელს, რაც კლუბისთვის ნამდვილი ნოკაუტი იქნება.
არისტოკრატები სიტის საკუთარ მოედანზე მასპინძლობენ. მათი მიზანი გამარჯვება და მეხუთე ადგილზე მყოფ ლივერპულთან სხვაობის შემცირებაა, რათა მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსი შეინარჩუნონ. თუმცა, ციფრები იმედისმომცემი სულაც არაა.
Opta-ს მონაცემებით, ჩელსის პრემიერ ლიგაში მანჩესტერ სიტისთვის უკვე 9 მატჩია არ მოუგია (3 ფრე, 6 მარცხი). ბოლო გამარჯვება ჯერ კიდევ 2021 წლის მაისში დაფიქსირდა. ამას ემატება ისიც, რომ სიტიმ ბოლო ხუთი სტუმრობიდან ოთხჯერ მოიგო სტემფორდ ბრიჯზე, იმდენივეჯერ, რამდენიც მანამდე გამართულ 26 შეხვედრაში ერთად აღებული.
მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ჩელსიმ ბოლო ორი მატჩი ნიუკასლთან და ევერტონთან წააგო. თუ დღესაც დამარცხდებიან, ეს იქნება პირველი შემთხვევა 2023 წლის მაისის შემდეგ, როცა გუნდი ზედიზედ სამ თამაშს დათმობს.
კიდევ უფრო საგანგაშო სხვა რეკორდია: ბოლოს ჩელსიმ ზედიზედ სამი მატჩი გატანილი გოლის გარეშე 1998 წლის მარტში წააგო. თუ დღეს სიტისთანაც ვერ გაიტანენ და დამარცხდებიან, ლონდონური კლუბი 28-წლიან კოშმარულ ნიშნულს დაუბრუნდება. შეძლებს თუ არა გუნდი ამ სერიის გაწყვეტას, ამას რამდენიმე საათში ვნახავთ.