ზედიზედ ექვსი წელია, მადრიდის რეალიდან ზაფხულში გუნდის პირველი კაპიტანი მიდის.
2021 წელს ეს ტენდენცია სერხიო რამოსმა დაიწყო, ერთი წლის შემდეგ მას მარსელო მიჰყვა, შემდეგ კარიმ ბენზემა, ნაჩო და შარშან ლუკა მოდრიჩი.
გამომდინარე იქიდან, რომ რეალში კაპიტანს მთელი მისი ისტორიის მანძილზე კლუბში ყოფნის ხანგრძლივობით ირჩევდნენ, მოდრიჩისგან სამკლაური დანი კარვახალმა გადაიბარა, რომელიც თავადაც მიდის ამ ზაფხულს და შესაბამისად, კაპიტანი რეალში კვლავ შეიცვლება.
გეგმიურად, ასეთ შემთხვევაში, სამკლაური ფედე ვალვერდეს უნდა მიეღო, რომელიც ამ სეზონში უკვე ასრულებდა ვიცე-კაპიტნის მოვალეობებს.
თუმცა, როგორც ესპანური გამოცემა Onda Cero იტყობინება, ორელიან ჩუამენისთან მომხდარი ინციდენტისა და ხელჩართული ჩხუბის შემდეგ, რეალმა გადაწყვიტა, კაპიტნის არჩევის წესს გადაუხვიოს და ურუგვაელს კაპიტნობა ჩამოართვეს.
შესაბამისად, უდიდესი ალბათობით, ახალი სეზონიდან რეალის პირველი კაპიტანი ვინისიუს ჯუნიორი იქნება. გარდა იმისა, რომ ის წელსაც გუნდის მესამე კაპიტანი იყო და ვალვერდესთვის ჩამორთმევის შემთხვევაში, კაპიტნობა სწორედ მას უწევს, ბრაზილიელისთვის სამკლაურის მიცემის მომხრე კლუბის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესიც არის.