ბენფიკას პრეზიდენტმა რუი კოშტამ საჯაროდ უარყო ჟოზე მოურინიოს მადრიდის რეალში შესაძლო დაბრუნება და განაცხადა, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი კვლავ ლისაბონური კლუბის მწვრთნელია.
ბოლო დღეებში მედიაში აქტიურად იწერებოდა, რომ ესპანური გრანდი მოურინიოს სანტიაგო ბერნაბეუზე დასაბრუნებლად ყველაფერს აკეთებს, თუმცა ბენფიკას ხელმძღვანელობა ამ ეტაპზე მწვრთნელის წასვლას ოფიციალურად არ ადასტურებს.
რუი კოშტას თქმით, კლუბსა და სპეციალისტს შორის კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები კვლავ ღიაა, პრესაში გავრცელებული ინფორმაცია კი, თითქოს მოურინიოს შემცვლელად მარკო სილვას კანდიდატურა განიხილება, სიმართლეს არ შეესაბამება.
მიუხედავად ბენფიკას მყარი პოზიციისა, ინსაიდერები დარწმუნებულნი არიან, რომ ჟოზე მოურინიო მადრიდულ კლუბში დაბრუნებას სერიოზულად განიხილავს.
გავრცელებული ინფორმაციით, მან მადრიდის რეალის მიერ შეთავაზებული ძირითადი პირობები და ორწლიანი კონტრაქტი უკვე მიიღო. თავად პორტუგალიელმა სპეციალისტმაც დაადასტურა, რომ მომავალ კვირაში ესპანურ მხარესთან პირად შეხვედრას გეგმავს და საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ ამის შემდეგ მიიღებს.