რაფაელ ნადალმა კარლოს ალკარასის შესახებ ისაუბრა და მას უკვე ჩოგბურთის ლეგენდა უწოდა. ასევე ილაპარაკა ჯოკოვიჩი-ალკარასის შედარებაზე.
"ალკარასი ამომავალი ვარსკვლავი არ არის, მას უკვე დიდი სლემის 7 ტიტული აქვს მოგებული. თუ ისტორიაში უდიდეს მოთამაშეებს გადავხედავთ, არც ისე ბევრია ისეთი, ვისაც ამ კატეგორიის ამდენი ტურნირი აქვს ტიტულატურაში.
ავსტრალიაში მან მაღალი დონის, დაძაბული მატჩი ჩაატარა, ასაკობრივი სხვაობა აშკარა იყო, მაგრამ ორივე მოთამაშე ცდილობდა, ძლიერი მხარეები მაქსიმალურად გამოეყენებინა. ფინალის ყურება ძალიან მომეწონა.
ალკარასის ამჟამინდელ ჯოკოვიჩთან შედარება იგივეა, რაც დღევანდელი მესის შედარება ბარსელონაში მოთამაშესთან ან დღევანდელი კრიშტიანუს შედარება რეალ მადრიდში მოთამაშესთან. მე არასდროს მითქვამს და არც ვიტყვი, რომ ერთი მეორეზე უკეთესია. ამას თითოეული მათგანის კარიერა განსაზღვრავს", - განაცხადა რაფამ.
22 წლისა და 258 დღის ასაკში, კარლოს ალკარასი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელია, ვინც ე.წ. კარიერული სლემი შეასრულა და 4-ვე დიდი სლემის ტურნირი მოიგო.