ყველას გვქონია სიტუაცია, როცა მთელი კვირა ვვარჯიშობთ, ჯანსაღად ვიკვებებით, ვსვამთ საკმარის წყალს და მერე მოდის პარასკევი, როცა მეგობრები დასალევად გეპატიჟებიან და გარწმუნებენ, რომ „ორი ჭიქა არაფერს გავნებს“.
რეალურად, ორმა ჭიქამ მართლაც შეიძლება არაფერი დაგიშავოს... მაგრამ მოდი, უფრო დეტალურად გავიგოთ, რა ხდება ორგანიზმში მაშინ, როცა ალკოჰოლი და ვარჯიში ერთმანეთს ხვდება.
რა ხდება ორგანიზმში, როცა სვამ:
ალკოჰოლი სხეულისთვის ტოქსინია და როგორც კი სვამ, ორგანიზმი მთლიანად გადადის მისი ნეიტრალიზაციის რეჟიმზე. ეს ნიშნავს, რომ სხეული დროებით წყვეტს სხვა მნიშვნელოვანი პროცესების სრულფასოვან მუშაობას, მაგალითად:
● ცხიმების წვას
● კუნთების აღდგენას
● ჰორმონების ბალანსის შენარჩუნებას
ამიტომაც, თუნდაც ერთი საღამო დალევის შემდეგ, მეორე დღეს შეიძლება თავი დაღლილად და „გამოფიტულად“ იგრძნო - შენი ორგანიზმი ჯერ კიდევ ენერგიას ხარჯავს ალკოჰოლისგან გასუფთავებაზე და ვერ ახერხებს პროგრესზე ფოკუსირებას.
კუნთის აღდგენა და ალკოჰოლი. ვარჯიშის შემდეგ სხეული ცდილობს კუნთის ბოჭკოები აღადგინოს და ცილა ეფექტურად გამოიყენოს. კვლევები აჩვენებს, რომ ალკოჰოლის მოხმარება 25%-ით ამცირებს კუნთების აღდგენის ხარისხს.
ანუ თუ პარასკევს ივარჯიშე და საღამოს ბარში წახვედი - დიდი შანსია, რომ შაბათს შენს სხეულს აღდგენის ნაცვლად „გამოფხიზლება“ მოგიწიოს.
ჰორმონები და ენერგია. დამეთანხმებით, რომ ჰორმონების ბალანსი და ენერგია ჩვენი ყოველდღიურობის გამარტივებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ალკოჰოლი ამცირებს ტესტოსტერონის დონეს და ზრდის კორტიზოლს - სტრესის ჰორმონს. ტესტოსტერონი პირდაპირ უკავშირდება კუნთების ზრდასა და ძალას, ხოლო კორტიზოლი - კუნთების დაშლას. მარტივად რომ ვთქვათ: სმა ამცირებს იმ ძალას და შედეგს, რისთვისაც დარბაზში დადიხარ.
დეჰიდრატაცია და შესრულება. ალკოჰოლი შარდმდენია, რაც ნიშნავს, რომ სხეული კარგავს ბევრ სითხეს და ელექტროლიტებს.
დეჰიდრატაცია კი პირდაპირ აისახება ვარჯიშზე:
● იკლებს გამძლეობა
● შენელებულია რეაქციები
● იზრდება ტრავმის რისკი
თუ დილით გიწევს ვარჯიში - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ წინასწარ კარგად დაიტენიანო ორგანიზმი.
ძილი და აღდგენა. მართალია, თითქოს დალევის შემდეგ გვგონია, რომ უკეთ გამოიძინებთ, მაგრამ კვლევები ამბობს, რომ ალკოჰოლი არღვევს REM ფაზას - ძილის იმ ნაწილს, როცა ტვინი და კუნთები რეალურად ისვენებენ.
შედეგად შეიძლება 8 საათი გეძინოს, მაგრამ მაინც გაიღვიძო ისე, თითქოს საერთოდ არ დაგიძინია.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ალკოჰოლზე სრულად უარის თქმა აუცილებელი არ არის. მთავარი სიტყვაა ბალანსი. ერთი საღამო ზომიერად სმა დიდ ზიანს არ მოგაყენებს, მაგრამ რეგულარული, თუნდაც „მცირე“ დოზით ალკოჰოლი გრძელვადიან პერსპექტივაში აფერხებს პროგრესს - ენერგიას, ძილს, აღდგენას და მეტაბოლიზმს.
თუ გეგმავ საღამოს მეგობრებთან ერთად:
● დალევამდე – მიირთვი ცილა და ცხიმი (მაგ. კვერცხი, ქათამი) — ეს შეანელებს ალკოჰოლის შთანთქმას.
● დალევის დროს – ყოველი სასმელის შემდეგ დალიე ერთი ჭიქა წყალი.
● დალევის შემდეგ – დილას დაიწყე წყლით და ელექტროლიტებით.
● ვარჯიში მეორე დღეს – აირჩიე მსუბუქი აქტივობა: სიარული, იოგა ან მარტივი მობილობის სესია.
მაქსიმალურად ეცადე გამოიძინო – ძილი აღდგენისთვის საუკეთესო საშუალებაა.
მოკლედ რომ შევაჯამოთ
● ალკოჰოლი აჩერებს აღდგენას და ცხიმის წვას;
● ამცირებს ტესტოსტერონს და ზრდის კორტიზოლს;
● იწვევს დეჰიდრატაციას და ამცირებს გამძლეობას;
● რეგულარულად სმა აფერხებს პროგრესს, მაგრამ ერთჯერადი, ზომიერი რაოდენობა ტრაგედია არ არის.
არავინ ამბობს, რომ სპორტსმენს გართობა არ შეუძლია. უბრალოდ გახსოვდეს - შენი სხეული იმსახურებს ისეთივე ყურადღებას, როგორსაც შენ მისგან ელოდები.
თუ გინდა შედეგი, ენერგია და პროგრესი - ივარჯიშე, დალიე წყალი, გამოიძინე და მიეცი ორგანიზმს ის, რაც რეალურად სჭირდება.