ჩელსი უახლოეს დღეებში ახალ მთავარ მწვრთნელად ჩაბი ალონსოს დანიშნავს.
The Athletic-ის მიერ შაბათს გავრცელებული ექსკლუზიური ინფორმაციით, 44 წლის სპეციალისტმა პრემიერლიგის კლუბთან ოთხწლიან კონტრაქტზე სრულ შეთანხმებას მიაღწია. ალონსო გასული კვირის დასაწყისში პირადად იმყოფებოდა ლონდონში, რათა შემოთავაზება ოფიციალურად მიეღო. ეს ინფორმაცია სულ რამდენიმე საათში გავრცელდა მას შემდეგ, რაც ჩელსი ასოციაციის თასის ფინალში მანჩესტერ სიტისთან დამარცხდა.
ლიამ როსენიორის წასვლის შემდეგ, ლურჯებმა ახალი პროექტის სათავეში ჩასაყენებლად რამდენიმე წამყვანი კანდიდატურა შეარჩიეს. მათ შორის ბორნმუთის თავკაცი ანდონი ირაოლაც განიხილებოდა, თუმცა ხელმძღვანელობისთვის მთავარ პრიორიტეტს სწორედ ალონსო წარმოადგენდა.
ლივერპულის ყოფილი ვარსკვლავი პრემიერლიგას ამჯერად მწვრთნელის ამპლუაში უბრუნდება, რაც მადრიდის რეალიდან მისი სკანდალური წასვლის შემდეგ ხდება. ბასკი სპეციალისტი სამეფო კლუბიდან სამწლიანი კონტრაქტის გაფორმებიდან სულ რამდენიმე თვეში მოულოდნელად დაითხოვეს.
მადრიდულ ვოიაჟამდე ალონსომ ბაიერ ლევერკუზენს ისტორიაში პირველი ბუნდესლიგის ტიტული მოაგებინა, თანაც ისე, რომ გუნდმა შიდა არენაზე სეზონი დაუმარცხებლად ჩაამთავრა.
მწვრთნელების მუდმივი ცვლილებით გამოწვეული კრიზისის შემდეგ, რასაც ენცო მარესკასა და ლიამ როსენიორის დათხოვნა მოჰყვა, ჩელსიში იმედოვნებენ, რომ ალონსო გერმანული წარმატების გამეორებას ინგლისშიც შეძლებს.