ანტუან სემენიოს გენიალურმა გოლმა მანჩესტერ სიტის 2025/26 წლების სეზონის ასოციაციის თასი მოაგებინა. შაბათს, უემბლიზე გამართულ დრამატულ ფინალში, პეპ გვარდიოლას გუნდმა ლონდონის ჩელსი მინიმალური ანგარიშით, 1-0 დაამარცხა.
მატჩის პირველი ტაიმი საკმაოდ ფრთხილი გამოდგა. ორივე გუნდმა სასტარტო შემადგენლობაში სათასო მეკარეები - რობერტ სანჩესი და ჯეიმს ტრაფორდი დააყენა, თუმცა რეალური საგოლე მომენტები ნაკლებად იქმნებოდა. სიტი ბურთის ფლობაში უპირატესობას (60%) კი ფლობდა, მაგრამ ლონდონელთა დაცვა მყარად იდგა.
ერლინგ ჰალანდმა მოახერხა კიდეც ბურთის ბადეში გახვავევა, თუმცა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. ჩელსი თავის მხრივ ჟოაო პედროსა და მარკ კუკურელიას მეშვეობით კონტრშეტევებზე ცდილობდა მეტოქის დასჯას, მაგრამ შეტევის დაგვირგვინებისას გადაწყვეტილებების მიღება უჭირდა.
მეორე ტაიმში თამაშის სცენარი შეიცვალა - ჩელსი მნიშვნელოვნად გააქტიურდა, ფლანგებიდან დიდ ზეწოლას ახდენდა და იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ გოლი სწორედ მათგან უნდა გასულიყო, თუმცა სიტიმ უმაღლესი დონის კომბინაცია გაათამაშა - საჯარიმოში მყოფმა ჰალანდმა ბურთი კარგად შეინარჩუნა და ანტუან სემენიოს გადააწოდა, რომელმაც ინსტინქტურად, ქუსლით შეასრულა ულამაზესი დარტყმა და ბურთი შორეულ მარცხენა კუთხეში მოათავსა (1-0).
ამ გოლით სემენიო გახდა პირველი განელი ფეხბურთელი, რომელმაც მამაკაცთა FA Cup-ის ფინალში გოლი გაიტანა, ხოლო ჰალანდმა სიტის მაისურით ფინალებში და საერთოდ უემბლიზე თავისი პირველი საგოლე მოქმედება მიითვალა.
დარჩენილ 20 წუთში ჩელსი“მთელი ძალებით გადავიდა შეტევაზე. მოედანზე ლიამ დელაპი, პედრო ნეტო და ალეხანდრო გარნაჩოც გამოჩნდნენ. მსაჯის მიერ დამატებული 6 წუთიც კი ნამდვილ შტურმად იქცა, თუმცა მანჩესტერელებმა უპირატესობა შეინარჩუნეს.
ეს სიტისთვის მერვე ასოციაციის თასის ტიტულია ისტორიაში, რითაც გვარდიოლას გუნდმა შიდა ტრებლისკენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა.