ასოციაციის თასის ფინალში, უემბლიზე, მანჩესტერ სიტისა და ჩელსის შორის გამართული მატჩის პირველ ტაიმში უმნიშვნელოვანესი სადავო ეპიზოდი დაფიქსირდა.
ლონდონელთა ფორვარდი ჟოაო პედრო საჯარიმოში შეიჭრა, სადაც სიტის მცველთან, აბდუკოდირ ხუსანოვთან კონტაქტის შემდეგ წაიქცა. მიუხედავად ჩელსის ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების მძაფრი პროტესტისა, მსაჯმა პენალტი არ დანიშნა, რასაც ვიდეორეფერისა და ექსპერტების სრული მხარდაჭერა მოჰყვა.
მთავარი მიზეზი, რის გამოც თერთმეტმეტრიანი არ დაინიშნა, იყო ის, რომ ხუსანოვმა წესების დარღვევის გარეშე, სუფთა კორპუსით დაიკავა თავისი პოზიცია.
BBC-ის ეთერში ალან შირერმა აღნიშნა, რომ უზბეკ მცველს ფიზიკურად არ შეეძლო ჟოაო პედროს გზიდან ჩამოცლოდა, უბრალოდ მყარად იდგა და ეს ბრწყინვალე დაცვა იყო. ალი მაკკოისტმა და სტივენ ჯერარდმა (TNT Sports) კი დაამატეს, რომ ეს იყო კლასიკური, სუფთა მხარით მხართან ბრძოლა და ხუსანოვმა, მარკ გეჰისთან ერთად, პირველ ტაიმში დაცვაში დიდებულად ითამაშა.
სოციალურ ქსელებში ჩელსის ქომაგები განრისხებულები დარჩნენ და ეპიზოდს აშკარა პენალტი უწოდეს, თუმცა თამაში უგოლო პირველი ტაიმით გაგრძელდა. მეორე ნახევარში ლურჯებს პროტესტის კიდევ ერთი საფუძველი გაუჩნდათ, როდესაც ენცო ფერნანდესის ჩაწოდება ნიკო ო'რაილიმ დაბლოკა, მაგრამ მსაჯებმა წესების დარღვევა არც აქ დააფიქსირეს.