რეალის მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ ბარსელონასთან ესპანეთის სუპერთასის ფინალის მოლოდინზე ისაუბრა.
– როგორ არის რეალი?
– ეს განსაკუთრებული მატჩია. როგორც კი სუპერთასი კალენდარში ვნახეთ, თავიდანვე გვინდოდა ამ დროს აქ ყოფნა. ეს ფინალია, სადაც გამარჯვებისთვის ბრძოლა უნდა შეძლო. მზად ვართ.
– ცოტა უცნაურია, რომ რეალს ფავორიტად არ თვლიან. რა განცდა გაქვთ?
– ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენ კონცენტრირებული ვართ იმაზე, რაც უნდა გავაკეთოთ და იმაზე, როგორ ჩავატაროთ ხვალინდელი მატჩი.
– იმავე მიდგომით მიუდგებით თამაშს, როგორც ბერნაბეუზე გამართულ კლასიკოს (2:1)?
– პასუხი მსგავსია იმასთან, რაც ატლეტიკოსთან მატჩის წინ გვქონდა. მეტროპოლიტანოზე თამაში არ იყო ორიენტირი, მაგრამ არც დაგვვიწყებია. ახლაც იგივეა. კონტექსტი შეიძლება განსხვავებული იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ თავში დარწმუნებულები ვიყოთ და საჭირო ენერგია გვქონდეს.
– რას ეტყოდით მათ, ვინც ფიქრობს, რომ თქვენს გუნდს გაუჭირდება?
– ეს ფეხბურთია. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენ გამარჯვებისთვის ვემზადებით. საკუთარ ძალებში დარწმუნებულები ვართ, — განაცხადა ალონსომ.