2025 წლის ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი პოლონეთთან ჩაატარა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 1-2 დაამარცხა.
ჩვენი მხრიდან გოლები ნოდარ ლომინაძემ და ვასილიოს გორდეზიანმა გაიტანეს, გუნდმა კი უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა და ჯგუფს პირველი ტურის შემდეგ სათავეში ჩაუდგა. ჯგუფის მეორე მატჩში საფრანგეთმა და პორტუგალიამ უგოლო ფრე (0-0) ითამაშეს, რაც ჩვენთვის სასარგებლო სცენარია.
2 წლის წინ საქართველოში გამართულ ევროზეც ჩვენმა ჯგუფმა სტარტი ასე აიღო, საქართველომ პორტუგალია 2-0 დაამარცხა, პარალელურად კი ბელგიამ და ნიდერლანდებმა ასევე უგოლო ფრე დააფიქსირეს.
საბოლოოდ რამაზ სვანაძის გუნდმა იმ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, ამისთვის კი 5 ქულა (1 მოგება, 2 ფრე) საკმარისი აღმოჩნდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ მაშინ ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ წარიმართა. ახლა კი იმისთვის, რომ კვლავ სხვებზე არ ვიყოთ დამოკიდებული, დარჩენილ 2 შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა მაქსიმალური შედეგისთვის უნდა იბრძოლოს, წინ კი 2 მძიმე მატჩი გველის, სადაც ორივე მეტოქეზე უფრო დიდი ავანსებია გაცემული, საჭიროების შემთხვევაში კი, რა თქმა უნდა, სხვა გუნდების "გმირობებზე" უარს არ ვიტყვით.
შესაბამისად ფრანგებიც და პორტუგალიელებიც გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებენ. 14 ივნისს საქართველო ძლიერ საფრანგეთის ნაკრებს ხვდება, ჯგუფის ბოლო შეხვედრაში (17 ივნისი) კი მეტოქე პორტუგალია იქნება, რომელიც წინა ორ ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდულმა და ეროვნულმა გუნდმაც დაამარცხა.
რაც შეეხება კონკრეტულად პოლონეთთან მატჩს - ჩვენი გუნდი აუტსაიდერად იყო მიჩნეული, თუმცა რამაზ სვანაძის გუნდმა ბრძოლისუნარიანობითა და ხასიათის გამოვლენით შეძლო თამაშში წარმატების მიღწევა და საბოლოოდ 3 ქულის მოპოვება.

ჩვენებს მძიმე მატჩი გამოუვიდათ, განსაკუთრებით პირველ ტაიმში იგრძნობოდა ტურნირის საწყისი დაძაბულობა, მიუხედავად, რომ ამ ფეხბურთელებს ერთად უკვე ბევრი რამ აქვთ ნანახი, როგორც წინა ევროპის ჩემპიონატზე, ისე ევრო 2025-ის შესარჩევ ეტაპსა და პლეიოფში.
აღსანიშნავია, რომ რამაზ სვანაძეს ტურნირის წინ 3 მნიშვნელოვანი მოთამაშე გამოაკლდა, თანაც სამივე მცველი, რამაც დაცვის ხაზი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. ტრავმების გამო განაცხადს მიღმა ლუკა ლაცაბიძე, ნიკოლოზ უგრეხელიძე და საბა გოგლიჩიძე დარჩნენ - შეიძლება ითქვას, რომ სამივე მათგანი ძირითად შემადგენლობაში თავისუფლად მოიაზრებოდა.
სწორედ ამ ფაქტის გამო დამატებითი წნეხი იყო დაცვის ცენტრში გუნდის კაპიტან საბა ხვადაგიანსა და საბა საზონოვზე. ამ უკანასკნელმა საერთოდაც უმძიმესი ტრავმის შემდეგ (მუხლის ჯვარედინი იოგების გაწყვეტა) პოლონეთთან პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა.
უნდა აღინიშნოს, რომ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა საბა ხვადაგიანმა, რომელმაც დროებით დანაკლისიც დაგვავიწყა. საბამ თამაშის განმავლობაში 75-დან 66 ზუსტი პასი გააკეთა (88%), 7-ჯერ გამოიტანა ბურთი საჯარიმოდან, 6-დან 6 ორთაბრძოლა მოიგო (აქედან 2 საჰაერო), 2 ვარდნა გააკეთა და მის წინააღმდეგ 0 დრიბლინგი განხორციელდა, Sofascore-სგან კი კაპიტანმა 7.2 შეფასება მიიღო.
ორიოდ სიტყვა უნდა ვთქვათ ნოდარ ლომინაძეზე, რომელმაც ევრო 2025-ზე ჩვენი გუნდის პირველი გოლი გაიტანა და U21 ნაკრებში უკვე 4 გოლი გაიტანა. ნახევარმცველი თავს ყოველთვის საჭირო დროს იჩენს და სვანაძის ფორმაციის გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი ე.წ Clutch მომენტები ახალგაზრდულს უკვე ბევრჯერ დაეხმარა.
ნოდარ ლომინაძე - მნიშვნელოვანი გოლები საჭირო მომენტში

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი მაისურაძე დასახელდა, რომელმაც გამარჯვების მომტან გოლში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ის მომენტს არ გამოეთიშა და პოლონელ მცველზე წნეხის შემდეგ ბურთი მოიპოვა, რომელიც ცარიელ კართან ვასილიოს გორდეზიანს გადააწოდა და ჩვენმა გუნდმა აქტივში 3 ქულა ჩაიწერა.
მაისურაძე: "ყველაფერს ვიზამთ, რომ ჯგუფიდან გავიდეთ"
ისე ვერ დავასრულებთ ამ მატჩზე საუბარს, თუ არ ვთქვით ლუკა ხარატიშვილის ბოლო წუთზე მოგერიებულ ბურთზეც, რომელმაც ჩვენი გამარჯვება საბოლოოდ გააფორმა. ლუკას მოგერიებამ ბევრს ალბათ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ემილიანო მარტინესის მოქმედება გაგვახსენა, სწორედ იმ სტილში, გაშლილი ფეხით შეძლო ხარატიშვილმა პოლონელის დარტყმის მოგერიება. ლუკა ხორვატიასთან პენალტების სერიაში გმირობის შემდეგ კვლავ აგრძელებს ჩვენი გუნდის გადარჩენას.
ჩვენი მომდევნო მეტოქე საფრანგეთია, რომელიც, რა თქმა უნდა, ფავორიტად არის მიჩნეული, თუმცა ფრანგების თამაშმა პორტუგალიასთან, განსაკუთრებით შეტევით ფაზაში დიდი აღფრთოვანება ვერ გამოიწვია. ფრანგების მხრიდან საუკეთესო შეფასება Sofascore-ის მიხედვით, ცენტრალურმა მცველმა კასტელო ლუკებამ (8.5) დაიმსახურა.
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მაგალითად, მატის ტელს ჩვენი ბიჭები არ უნდა უფრთხილდნენ, რომელიც ამ ნაკრების გამორჩეული შემტევი მოთამაშეა.
ასე რომ, უქომაგე ჩვენებს და ამ ბიჭებს დააკვირდი, რადგან წინა ევროპის ჩემპიონატების მსგავსად კვლავ არის შანსი, რომ ტურნირის ჯგუფური ეტაპი დავძლიოთ.